ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტის შესახებ
საქართველოში კონფლიქტის შესახებ 12 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაცია კვლავ აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს და ძირს უთხრის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთლიან რეგიონში“. დოკუმენტი მიესალმება საქართველო-რუსეთის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 2008 წლის ომის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე რუსეთია პასუხისმგებელი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გადაწყვეტილებას „უპრეცედენტო“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ „პირველად, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორიცაა ოკუპაცია“.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, უამრავ ქმედებას, მათ შორის ცხინვალის რეგიონის „უკანონო სამხედრო შენაერთების“ გაერთიანებას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, ასევე „შეირაღებული ძალების გაერთიანებულ ჯგუფს“ და „ერთიან სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეს“ რუსეთსა და აფხაზეთს შორის, „სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და სიტუაციას ადგილზე უფრო აუარესებს“.
კომიტეტმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებსა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის გამშვები პუნქტების „ხანგრძლივი“ ჩაკეტვის გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვა. კომიტეტის თქმით, ამ ნაბიჯს „ადგილობრივი მოსახლეობისთვის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვა“. მან ასევე განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა „ეთნიკურობის ნიადაგზე ქართველების დისკრიმინაციის“ გამო როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, კერძოდ კი გალისა და ახალგორის რაიონებში.
დოკუმენტი ასევე გამყოფ ხაზებზე უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით გამოთქვამს შეშფოთებას. მათ შორის ხაზგასმულია საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის შემთხვევა, რომელსაც დაკავებისას ესროლეს და დაჭრეს, მოგვიანებით კი ცხინვალში დაახლოებით 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს, მათ შორის საკუთარი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები გაიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)