საქართველო ლიეტუვისგან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას მიიღებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინის 200 000 დოზის გამოყოფის შესახებ დღეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის მიერ გაჟღერებული ინიციატივის თანახმად, საქართველო სექტემბრისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000 დოზას  მიიღებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ვაქცინას მიიღებს ქვეყანა. თავად ლიეტუვა საკუთარი მოსახლეობისთვის „ასტრაზენეკას“, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებს იყენებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ გამოყოფილი დოზების რაოდენობა, შესაძლოა, გადაიხედოს, თუკი „სიტუაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს“. „ჩვენს პარტნიორებს ვაქცინის უამრავი დოზა სჭირდებათ. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები ლიეტუვის მაგალითს მიბაძავენ“, – დაამატა მან.

„სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია ასეთ რთულ დროს“, – განაცხადა საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც ლიეტუვის ინიციატივას მიესალმა.

14 მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე 81 076 ადამიანი აიცრა, ამასთან 13 507-მა მოქალაქემ ვაქცინის უკვე სრული დოზა მიიღო. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და იმუნიზაციის პროცესში „სინოფარმის“, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს იყენებენ.

14 მაისს ქვეყანაში კოვიდ-19-ის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 070 პაციენტი კი – გამოჯანმრთელდა. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 327 831-ს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 307 334-ს შეადგენს. გარდაცვლილთა რაოდენობა 4 397-ის, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 16 074-ის ტოლია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)