საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი შექმნეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც 16 მაისიდან სამუშაო ვიზიტით კიევს სტუმრობს, დღეს თავის უკრაინელ და მოლდაველ კოლეგებთან, დმიტრო კულებასა და აურელ ჩოკოისთან ერთად სამ ქვეყანას შორის „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატის ჩამოყალიბების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
დოკუმენტში, რომლის მიზანიც სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა, ნათქვამია, რომ „ასოცირებული ტრიო“ ითანამშრომლებს ევროინტეგრაციის საერთო ინტერესების საკითხებზე, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიზნით.
ფორმატი ასევე ითვალისწინებს რეგულარულ და საგანგებო სამმხრივ კონსულტაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროებში შესაბამისი კოორდინატორების დანიშვნას, ასევე მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და, საჭიროებისამებრ, მინისტრების დონეზე შეხვედრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგის ერთობლივი პლატფორმების ჩამოყალიბებას და სხვადასხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზებას.
ფორმატის საშუალებით, ხელმომწერი ქვეყნები იმედოვნებენ, რომ მეტი-მეტისათვის მიდგომის საფუძველზე, ასოცირებული ქვეყნებისთვის ეტაპობრივად გაიხსნება ევროკავშირში ინტეგრაციისა და სამართლებრივი თუ ინსტიტუციური დაახლოების ახალი შესაძლებლობები. ამასთან, სამი ქვეყანა ერთობლივად განაგრძობს ევროკომისიასა და „ასოცირებულ ტრიოს“ შორის დიალოგის შემდგომ განვითარებას, ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორებიცაა – ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, სტრატეგიული კომუნიკაციები, უსაფრთხოება და თავდაცვა.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მემორანდუმს არსებული თანამშრომლობის „ლოგიკური გაგრძელება“ უწოდა, რომელიც „ჩვენი სამმხრივი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის“ ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, სამმა ქვეყანამ ძალისხმევა უნდა გააერთიანოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ევროკავშირის წევრობის უფლება.
„დღეს ამ ახალ ფორმატში ჩვენ ძალებს ვაერთიანებთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ Twitter-ზე მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.
ზალკალიანის ვიზიტი გრძელდება
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა. მხარეები მემორანდუმის ხელმოწერას მიესალმნენ და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. მოგვიანებით, ზალკალიანი ვერხოვნა რადას თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა.
დღესვე, თბილისში დაბრუნებამდე, ზალკალიანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.
ასევე წაიკითხეთ:
- თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ელჩი კიევში დაბრუნდა
- საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინაზე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე იმსჯელეს
- საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს მიმართავენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)