„კომუნისტი“, მაისი, 1921: გურიაში მოკალათებული მენშევიკები საბჭოთა ხელისუფლებას ებრძვიან
გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 11 მაისი, N56
გურიის ამბები
შეიძლება თამამად ითქვას, რომ არსად დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მენშევიკებს ისე არ მოუკალათებიათ და არ მუშაობენ, როგორც გურიაში.
აქ გადაიტანეს მათ მთელი სამოქმედო აპარატი და საძაგელ, ყოვლად დაუშვებელი და მოურიდებელი საშუალებით დაუწყეს ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებას.
არავინ იფიქროს, რომ მენშევიკები მოუხერხებელი ან მორცხვი ხალხი იყოს: პირიქით მათ თუ მოახერხეს და საშვალება მიეცით – არავის დაინდობენ, – ყველაფერს ჩაიდენენ, მოაწყობენ და კაინის სიცილით ზურგში ჩაგასობენ დაშხამულ მახვილს. ასეთი იყვნენ ისინი წინად, ასეთი არიან ეხლაც. თითქმის მთელი გურია დღეს პროვოკაციის ქსელშია გახვეული და ვინ იცის რა ჭორებს რა სიყალბეს და დაშინებას არ მოუკიდია აქ ფეხი.
შენშევიკებმა დააშინეს მშრომელი ხალხი: ისინი შეეცადენ დაერწმუნებიათ ხალხი, რომ დღეს თუ ხვალ ინგლისის ჯარი ბათომს მოადგება, ბრძოლა გაიმართება, ყველაფერი წაილეკება და ბალშევიკების მომხრენი ან მათ სამსახურში მყოფნი სასტიკად დაისჯებიანო.
ეს არის უდიდესი ღალატი გურიის ხალხის წინაშე; ეს არის ისეთი პროვოკაციის გადასროლა, რომელსაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოყვეს.
ამით სურთ ერთხელ კიდევ მოატყუონ ხალხი და ანკესზე წამოაგონ ზოგი ერთი შეუგნებელი პირები, რომელნიც ნებსით და უნებლიეთ ჩაიდენენ მიუტევებელ შეცდომებს.
ერთხელ და სამუდამოთ უნდა შეიგნოს ყველამ, რომ საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ ევროპიდგან ვერ მოვა ვერც ერთი კარის კაცი ანტანტისა და სისხლში ვერ ჩაახრჩობს საქართველოს მშრომელი ხალხის მიერ მოპოვებულ თავისუფლებას. ვერ მოვა იმიტომ, რომ ევროპის მთავრობებს თითონ უჭირთ და არც იციან როდის იქნებიან გადმოგდებული თავიანთი მუშების მიერ.
ვერ მოვა იმიტომ, რომ საქართველოს პროლეტარიატი ნებას არ მისცემს მას გადმოსხას ჯარი და ფეხი დასდგას ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
მენშევიკებმა უნდა იცოდენ, რომ მათ ბატონობას ბოლო მოეღო და ვერავითარი გარეშე ძალით ვერ შეძლებენ ძველი დროს დაბრუნებას.
მათ უნდა შეიგნონ, რომ მშრომელი ხალხის მოტყუება და ცრუ ხმებით კვება არაა სასარგებლო არავისათვის და პირველ ყოვლისა თვით მენშევიკებისათვის.
და სანამდი მათ არ შეუგნიათ, სანამდის ისინი განაგრძობენ ბნელ მუშაობას და მტრულ მოქმედებას, მანამდის მათი მოღვაწეობა განყენებულ და დაშორებულ უნდა იქნას ხალხისაგან.
გვებრძოლეთ სიმართლით, კრიტიკით და პატიოსანი საშვალებებით! [საბჭოთა ხელისუფლების მიერ სოციალ-დემოკრატებს აკრძალული ჰქონდათ გაზეთების გამოცემა და მიტინგების გამართვა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].
ლუდოვიკო მეთექვსმეტეს გასამართლების დროს ერთმა მსაჯულთაგანმა, განაცხადა: სიკვდილი რომ არ არსებობდეს – ამ შემთხვევისათვის ის უნდა შევქმნათო.
ჩვენ სიკვდილით არავის ვემუქრებით, მაგრამ მათი იზოლაციის საშუალება რომ არ არსებულიყო – ამ შემთხვევისათვის ის უნდა გამოგვეგონებინა [1921 წლის მაისისათვის საბჭოთა „ჩეკას“ 10-მდე გავლენიანი სოციალ-დემოკრატი უკვე საპყრობილეში ჰყავდა გამომწყდეული – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].