დავით ზალკალიანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და კიევში ვიზიტი დაასრულა
კიევში პირველი ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 17 მაისს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ურთიერთობების, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის, რუსული ოკუპაციისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატის შექმნას მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ის ხელს შეუწყობს სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მეტ ეკონომიკურ და სექტორალურ დაახლოებას ევროკავშირთან და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას.
აღნიშნა რა, რომ საქართველოსა და უკრაინას „საერთო გამოწვევები და მიზნები“ აქვთ, ზალკალიანმა ახალ ფორმატს „სამომავლოდ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით კარგი საწყისი წერტილი“ უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელი იქნებოდა „სოლიდარული მიდგომისა და ჩვენი საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის გარეშე“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „გვქონდა გარკვეული პაუზა ურთიერთობებში, მაგრამ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი“. მას, სავარაუდოდ, მხედვრლობაში თბილისის მიერ უკრაინიდან ელჩის გაწვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ჰქონდა, რასაც წინ უძღვოდა ზელენსკის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა.
„მივესალმები ჩვენს ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი, ძლიერი ურთიერთობების აღდგენას“, – იტყობინება პრეზიდენტ ზელენსკის პრესამსახური მის სიტყვებზე დაყრდნობით. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დონბასსა და ოკუპირებულ ყირიმში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
- თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ელჩი კიევში დაბრუნდა
- საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინაზე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე იმსჯელეს
- საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს მიმართავენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)