ევროპულ საქართველოს კიდევ ერთი წევრი ტოვებს და პარლამენტში შედის
ევროპული საქართველოს სიის მეხუთე ნომერმა, ტარიელ ნაკაიძემ დღეს პარტია დატოვა და განაცხადა, რომ პარლამენტში შედის. ნაკაიძის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის გაგრძელების შესახებ ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას მოჰყვა.
ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, რომ მოცემული მომენტისთვის იგი პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დაიწყებს, თუმცა არც რომელიმე ფრაქციაში გაერთიანება გამორიცხა, თუკი ეს საზოგადოების წინაშე მის მიერ აღებული პასუხისმგებლობის უკეთ შესრულებისთვის გახდა საჭირო.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა საბჭომ „თითქმის ერთსულოვნად“ გადაწყვიტა, რომ პარტიამ „პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა“, განსხვავებით იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებით 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვნენ.
დავით ბაქრაძესთან, შალვა შავგულიძესთან და არმაზ ახვლედიანთან ერთად, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში ევროპული საქართველოს სიით მოხვედრილი უკვე რიგით მეოთხე დეპუტატია, რომელმაც დეპუტატის მანდატი გამოიყენა და პარლამენტში შევიდა. როგორც ჩანს, ევროპული საქართველო პარლამენტში ადგილების გარეშე დარჩა, რამდენადაც ელენე ხოშტარიამ, რომელიც დეპუტატის მანდატი ასევე ამ პარტიის სიით მოიპოვა, 2020 წლის დეკემბერში ევროპული საქართველო დატოვა და არც საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვას გეგმავს.
ასევე წაიკითხეთ:
- პირველი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია ჩამოყალიბდა
- სალომე სამადაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს
- ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა
- ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)