კომპანია Glovo-ს კურიერების გაფიცვა დასრულდა
ბარსელონაში დაფუძნებულმა საკვების მიტანის სერვისის კომპანია Glovo-მ 18 მაისს განაცხადა რომ გაფიცულ ქართველ კურიერებთან შეთანხმებას მიაღწია. 200-მდე კურიერი თბილისში 16 მაისიდან გაფიცულები იყო და კომპენსაციების სავარაუდო შემცირებაზე კომპანიის მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.
გაფიცვა ძირითადად უშედეგოდ დასრულდა, რადგანაც ძალაში დარჩა ის ცვლილებები, რომლებიც კომპანიის თქმით, კურიერებს უფრო მოქნილ და ხელსაყრელ პირობებს უქმნის. ერთ-ერთი კურიერის თქმით, მოლაპარაკებისას Glovo-მ დასაქმებულებს ანაზღაურების ახალი სისტემის ერთი წლის განმავლობაში უცვლელად დატოვება შესთავაზა. მედიის ცნობით, კომპანიის კურიერების პოზიცია მოლაპარაკებებზე გაიყო, რადგანაც ეს ცვლილებები ხელს აძლევთ ნახევარ განაკვეთზე მომუშავეებს, თუმცა სრულ განაკვეთზე მომუშავეების ხელფასებს ამცირებს.
მას შემდეგ, რაც კურიერების ის ნაწილი, რომელიც ახალ პირობებს დაეთანხმა, სამუშაოს დაუბრუნდა, ერთ-ერთმა კურიერმა მედიასთან განაცხადა, რომ დანარჩენებმაც დათმობა არჩიეს, რადგანაც კომპანია მათ „მარტივად“ ჩაანაცვლებდა.
Glovo-მ ასევე პოზიციებზე დააბრუნა „ნაწილი“ იმ 50 კურიერთაგან, რომლებიც 16 მაისის პროტესტის შემდეგ მიწოდების შეფერხებაში დაადანაშაულა და სამსახურიდან გაათავისუფლა.
კურიერების გაფიცვა კომპანიის ახალ პოლიტიკას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, სამუშაო საათების დღიური ნორმა 12 საათიდან 10 საათამდე შემცირდა, ხოლო საბონუსო მექანიზმი, რომელიც მანამდე ყოველკვირეული მიტანების რაოდენობას ეფუძნებოდა საათობრივი სისტემით შეიცვალა. Glovo-მ ასევე გადაწყვიტა, რომ კომპენსაცია გადაიხადოს მხოლოდ იმ მანძილზე, რომელიც შეკვეთის აღების ადგილიდან მიწოდების ადგილამდე მონაკვეთს ფარავს და არ გაითვალისწინოს საკვებ ობიექტამდე გავლილი მანძილი. მიუხედავად ამისა, კომპენსაცია თითოეულ მიწოდებაზე 30 თეთრით – 2.3 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ანაზღაურება თითოეულ კილომეტრზე 10 თეთრით – 50 თეთრამდე.
მედიის ცნობით, სანამ კურიერები საკითხს ქუჩაში გააპროტესტებდნენ, მათ პრობლემის მოგვარება ჯერ კომპანიის ადმინისტრაციასთან სცადეს, თუმცა წარუმატებლად.
Glovo-ს კურიერები იანვრის ბოლოსაც გაიფიცნენ. მაშინ ისინი ხელფასების შემცირებას აპროტესტებდნენ და უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვდნენ. კომპანიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები. 25 მარტს, აქცია ტალინში დაფუძნებული საკვების მიტანის კომპანია Bolt Food-ის ქართველმა კურიერებმაც გამართეს და შემცირებული ხელფასები და სამსახურიდან თანამშრომლების „უსამართლო“ დათხოვნა გააპროტესტეს. თუმცა, მათ კომპანიის მხრიდან რაიმე კომპრომისს ვერ მიაღწიეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)