არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის შეჩერებას მოითხოვენ
ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დღეს გავრცელებული ერთობლივი განცხადებით, 26 მაისს დაგეგმილ მოსამართლეთა კონფერენციის გაუქმება მოითხოვეს, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 19 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სისტემის ამბიციური რეფორმის გატარების გარეშე, შერჩეულ კანდიდატებს არ ექნებათ „მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ლეგიტიმაცია“. ხელმომწერმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს კანონმდებლებს დაჩქარებული წესით მიიღონ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი „გამჭვირვალე და სამართლიანი“ გარემოს შექმნამდე შეაჩერონ.
პარტია ლელო საქართველოსთვის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ლელომ 19 მაისს პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმირებამდე უმაღლეს საბჭოს წევრების არჩევაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ქართული ოცნება ცდილობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პოზიციები რეფორმამდე „გაიმყაროს“.
რესპუბლიკურის პარტიის განცხადებით, ქართული ოცნება სასამართლო სისტემაში გავლენების გაძლიერებას მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ დახმარებით ცდილობს. პარტიისვე შეფასებით, საბჭოს თავისი „მხარდამჭერებისა“ და „მათივე ინტერესების შეუპასუხებლად გამტარებელი ადამიანების“ შემოკრება სურს და პარლამენტის მიერ სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობის დაწყებას არ ელოდება.
კრიტიკის საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩატარებას კანონი მოითხოვს, ვინაიდან ივნისში საბჭოს წევრებს, მათ შორის, 4 მოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. „ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ავირჩიოთ მოსამართლე წევრები“, – დაამატა მანვე.
ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით კი – პარტია უზრუნველყოფს, რომ 19 აპრილის დოკუმენტი სრულად შესრულდეს. „რაც უფრო კონსტრუქციული და დროული იქნება ოპოზიციური პარტიების ჩართულობა, მით უფრო დააჩქარებს ეს ამ პროცესს“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის საელჩო სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებულია“
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)