ხელისუფლების წარმომადგენლები „ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციის მოთხოვნებს პასუხობენ

საქართველოს ხელისუფლებამ „ნამახვანჰესის“ პროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე უარი თქვა, მათ „ულტიმატუმი“ უწოდა და განაცხადა, რომ სადავო პროექტის შესახებ აქტივისტების უკეთ ინფორმირებისთვის დიალოგია საჭირო.

აქტივისტების განცხადებით, მთავრობასთან დიალოგის რესურსი ამოწურულია, რადგანც ხელისუფლებას კონსენსუსის მიღწევა არ სურს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტის მონაწილეები დედაქალაქის „პარალიზებასა“ და მოძრაობის გადაკეტვას გეგმავენ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ულტიმატუმის ენით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი… როცა ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო ძალიან კარგი სპეციალისტი ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის სფეროებში“.

მისი თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა აქციის მონაწილეებთან დიალოგი და მზადაა განაგრძოს საკუთარი ძალისხმევა ამ მიმართულებით. „სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება“, – დასძინა მან.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ აქტივისტებს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა. „რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა, რომ მართლაც გაირკვეს ყველა, მათ შორის ტექნიკური დეტალი რაც შეეხება პროექტს“, – განაცხადა მან.

„განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება იმის მიმართ, რომ დავბლოკოთ, პარალიზება მოვახდინოთ“, – დასძინა მინისტრმა.

თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ შეიძლება ულტიმატუმების ენით ვისაუბროთ, მაგრამ შედეგის მომტანი ეს არასოდეს, არსად არცერთი მიმართულებით, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა“. მანაც ხაზი გაუსვა, რომ მეტი დიალოგი და კომუნიკაციაა საჭირო აქტივისტებისთვის საინტერესო საკითხებზე.

„დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან გვქონდა საუბარი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და საბოლოოდ საკანონმდებლო დონეზე და პოლიტიკის დონეზე იქნას შემუშავებული ის კონცეფცია, ის დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით, რომელიც არ იქნება გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების ხარჯზე განხორციელებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობაში ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მხარე.

მოგვიანებით, პროტესტის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ კახა კუჭავამ აქტივისტებს შეხვედრა შესთავაზა, რასაც ისინი დასთანხმდნენ. პარლამენტის თავმჯდომარეს აქტივისტები დღეს უნდა შეხვდნენ.

გუშინ, თბილისში გამართულ მასშტაბურ აქციაზე პროტესტის მონაწილეებმა „ნამახვენჰესის“ მშენებლ კომპანია „ენკასთან“ ხელისუფლების მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტისა და კომპანიის მიერ რიონის ხეობის დატოვების შესახებ მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაიმეორეს. აქტივისტებმა, ყველა იმ პირის, მათ შორის, ნათია თურნავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც მოითხოვეს, რომელიც კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადებაში იყო ჩართული და მას ხელი მოაწერა. პროტესტის მონაწილეები კოორდინირებული ენერგოპოლიტიკის შემუშავებამდე მსგავსი პროექტების განხორციელებაზე მორატორიუმის გამოცხადებასაც ითხოვენ.

„ნამახვანჰესის“ შესახებ ადრეული დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)