დიპლომატების პასუხად კახა კუჭავა ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ არ გაიზიარა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, ასევე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოწოდება, რომ შეჩერდეს უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილი დანიშვნები, სანამ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლო რეფორმა არ განხორციელდება.
„საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს და [იუსტიციის უმაღლეს] საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეუვსებელი დატოვოს“, – განაცხადა კუჭავამ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის, ასევე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, ნატალია ვუტოვას მოწოდებების საპასუხოდ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის დამტკიცება მიმდინარე წლის ივნისში ევალება. მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს ვალდებულებას, საბჭოს წევრები „პოლიტიკური პარტიების სათანადო ჩართულობით აირჩიოს“.
რაც შეეხება უზენაესო სასამართლოს მოსამართლეებს, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების წარდგენის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყოს კანდიდატების დამტკიცების პროცედურა. მისივე თქმით, ეს პროცესი „სრულ შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციებთან, რაც წარმოადგენს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილს“.
აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა, ასევე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კუჭავასთვის გაგზავნილ წერილში ხაზი გაუსვეს, რომ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნება, თუ სასამართლო რეფორმა არჩევნების წინ განხორციელდება. მათვე დასძინეს, რომ დანიშვნის პროცესის დაუყოვნებლივი შეჩერება აჩვენებს ერთგულებას იმ საქმისადმი, რომელიც სასამართლო სისტემის გამჭვირვალობასა და მის მიმართ ნდობის გაზრდას ისახავს მიზნად.
მათ შეახსენეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა სასამართლო სისტემის ცვლილებებზეა დამოკიდებული.
საკითხი მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია ჩაინიშნა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ამგვარი ქმედება ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების „სულისკვეთებას“ ეწინააღმდეგება.
ორგანიზაციებმა მოუწოდებს დეპუტატებს, რომ რეფორმის განხორციელებამდე საკანონმდებლო აქტით დროებით შეაჩერონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი. მართალია, პარტია ლელო საქართველოსთვის დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა 19 მაისს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც დაარეგისტრირა, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატები ინიციატივას მხარს არ უჭერენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ქართულ ოცნებას რეფორმის განხორციელებამდე სასამართლო სისტემაში საკუთარი „კლანის“ მეშვეობით გავლენის გაძლიერება სურს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)