„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა გადაიხედოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 25 მაისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებათა დიდი ნაწილი 19 აპრილის შეთანხმებას მნიშვნელოვნად ეხმიანება, რამდენიმე პუნქტი მის „სულისკვეთებასა და მიზნებს სრულად არ შეესაბამება“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გააკრიტიკა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება. „მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის მოვალეობას ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრი შეასრულებს, მეორე მოადგილის არსებობა გარკვეულწილად ასუსტებს იმ მექანიზმს, რაც პოლიტიკურ შეთანხმებაში არის ჩადებული“, – ხაზი გაუსვა ორგანიზაციამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობისვე“ შეფასებით, ის ფაქტი, რომ ცესკოში უფლებამოსილება არ უწყდებათ პროფესიული ნიშნით არჩეულ იმ წევრებს, მათ შორის, ამჟამინდელ მოადგილეს, რომელთა მიმართაც მიუკერძოებლობის კუთხით კითხვები არსებობდა, იმის ვარაუდის საფუძველს ტოვებს, რომ „ეს ცვლილება ცესკოში მმართველი პარტიის პოზიციების გამყარებას ემსახურება“.

კიდევ ერთი შენიშვნა ორგანიზაციას პროფესიული ნიშნით წარდგენილი ცესკოს წევრობის კანდიდატების, მათ შორის, თავმჯდომარის ასარჩევად საპარლამენტო კენჭისყრებს შორის ვადების შემცირებასთან აქვს. კერძოდ, კანონპრექტით, მათ ასარჩევად პირველ ჯერზე დეპუტატების ხმების 2/3-ია (100 დეპუტატი) საჭირო. თუკი ისინი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებენ, მეორე ჯერზე დეპუტატების იგივე რაოდენობა იქნება საჭირო, მესამედ 3/5 (90 დეპუტატი), ხოლო ბოლოჯერ უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, ინიცირებული ცვლილებებით კენჭისყრებს შორის ინტერვალი მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთჯერადად – 4 კვირიდან 1 კვირამდე შემცირდა.

„[ეს] მნიშვნელოვნად ამცირებს პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევის სივრცეს და საპარლამეტო უმრავლესობას, ფაქტობრივად, საშუალებას აძლევს ოპოზიციის თანხმობის გარეშე, მარტივად აირჩიოს მისთვის მისაღები კანდიდატი“, – აღნიშნა ორგანიზაციამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ასევე გააკრიტიკა საარჩევნო კომისიებში პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლობის გარეშე დატოვება და სანაცვლოდ, ამ უფლებით სარგებლობის ევროპელი სოციალისტებისთვის მინიჭება. ეს უკანასკნელი პატრიოტთა ალიანსის იმ ოთხი ყოფილი წევრისგან შეიქმნა, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვნენ. „არასამართლიანი და არასწორია ერთი პარტიის დასჯა იმის გამო, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა“, – განაცხადა ორგანიზაციამ და დაამატა, რომ 19 აპრილის შეთანხმება არც „ასეთ დებულებას ითვალისწინებს“.

მმართველი და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა, რომელთაც ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმებას მოაწერეს ხელი, საარჩევნო სისტემაში ცვლილებების პაკეტზე მუშაობა 18 მაისს დაასრულეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მას მხარი 22 მაისს დაუჭირა. ახლა დეპუტატებმა ის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)