ვარლამ გოლეთიანი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა სამომავლო გეგმებზე საუბრობს 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა დღეს განაცხადა, რომ აქტივისტები თბილისში ბოლო აქციის ჩატარებას ხვალ გეგმავენ, რის შემდეგაც რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს იქიდან განაგრძობენ.

ჰესის მშენებლობის შესახებ იუსტიციის სამინისტროდან გაჟონილ 2019 მარტით დათარიღებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, გოლეთიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ინვესტორთან „ანტისახელმწიფოებრივი“ ხელშეკრულება გააფორმა. მისი თქმით,  დოკუმენტში ჩანს, რომ ხელისუფლებამ კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ინტერესები დათმო.

„გადაცემულია რიონის ხეობა სამუდამოდ კერძო საკუთრებაში… არ შეიძლება კერძო პირის ხელში, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება უცხოელი, თუ ეს იქნება ქართველი, გადადიოდეს მთელი ხეობა, ეს არის, რა თქმა უნდა, ანტი-სახელმწიფოებრივი მოქმედება“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მან ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ არ გაითვალისწინა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები. გოლეთიანმა ისიც აღნიშნა, რომ „კომპანია 24 საათის განმავლობაში იქ ანგრევს ხეობას“. „ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ პროცესს“, – დასძინა მან.

გოლეთიანმა ასევე განაცხადა, რომ თბილისში ხვალ დაგეგმილ აქციაზე ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ ხელისუფლებას, რომ მისი ქმედებები „კანონგარეშეა“, ხოლო შემდეგ რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და კომპანიას სამუშაოების განხორციელებაში ხელს შეუშლიან.

იუსტიციის სამინისტროდან გაჟონილ დოკუმენტზე დაყრდნობით, გოლეთიანმა ისიც თქვა, რომ სხვა გზა აღარ არსებობს. „ჩვენ გვაქვს მორალური უფლება და ვალდებულება რომ ყველა ერთად ჩავდგეთ რიონის ხეობაში და არ მივცეთ კომპანიას საშუალება დაანგრიოს ჩვენი ხეობა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ბრძოლის წინა ხაზზე დავდგეთ და ამ შემთხვევაში ბრძოლის ხაზი გადის რიონის ხეობაში“.

სიტყვით გამოსვლისას, გოლეთიანმა ქართული ოცნება და ოპოზიციური პარტიები აქციის თითქოსდა რუსეთიდან დაფინანსების შესახებ ბრალდებებისთვის პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. მანვე აღნიშნა, რომ თითქმის სრული ოპოზიციური სპექტრი და მთავრობა ერთ მხარეს დგას, ხალხი კი მეორე მხარეს აღმოჩნდა.

23-24 მაისის აქციებზე ულტრამემარჯვენე პირების ლგბტ აქტივისტებთან დაპირისპირების შესახებ ცნობების საპასუხოდ, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ისინი აქციაზე მისული თითოეული ადამიანის უფლებას დაიცავენ. მანვე დაგმო ძალადობა და პროტესტის მონაწილე განსხვავებული ჯგუფების წარმომადგენლებს ტოლერანტობისა და ერთმანეთისადმი პატივისცემისკენ მოუწოდა. „თუ ჩვენ გვინდა გაერთიანება, უნდა მოვახერხოთ ერთად დგომა, უნდა მოვახერხოთ საკითხების ირგვლივ კონცენტრირება და გაერთიანება და ბრძოლა ერთად“, – დაამატა გოლეთიანმა.

მანვე უარყო ბრალდებები, რომ აქტივისტები 26 მაისს დაგეგმილი იმ ღონისძიების ჩაშლას გეგმავენ, რომლებიც თავისუფლების მოედანზე გაიმართება. თავისუფლების მოედანი 1.5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს რესპუბლიკის მოედნიდან, სადაც ხვალ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციაა დაგეგმილი.

ამის შემდეგ, პროტესტის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ფილარმონიის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტეს. შემდეგ კოსტავას დაღმართით გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს, სადაც ასევე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეაჩერეს და მსვლელობით კვლავ რესპუბლიკის მოედანს დაუბრუნდნენ.

„ნამახვანჰესის“ შესახებ ადრეული დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)