საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103-ე წლისთავს აღნიშნავს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დღეს თავისუფლების მოედნიდან მოქალაქეებს მიმართეს, სადაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 103-ე წლისთავი აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანიც ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა დიდი დრო დაუთმო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავარსარდალ გენერალ გიორგი კვინიტაძის მემკვიდრეობაზე საუბარს, რომლის ნეშტიც საფრანგეთიდან თბილისში გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. სალომე ზურაბიშვილმა მის „უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას“ გაუსვა ხაზი.

გენერალ კვინიტაძის მემუარების გახსენებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 1918-1921 წლების რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა „პარტიული მიზნებისა და ამბიციების“ სახელმწიფო ინტერესების წინ დაყენების, ასევე „პროფესიონალიზმის ნაკლებობის“ გამო გააკრიტიკა, რამაც 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციამდე მიგვიყვანა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბაბუა (მამის მხრიდან) ივანე ზურაბიშვილი მაშინდელი მთავარი მემარჯვენე ოპოზიციური ძალის – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. დედის მხრიდან ბაბუა მელქისედეკ (მექი) კედია კი – 1918-1921 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმს თავკაცობდა, რომელსაც უმთავრესად დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მოსკოვის ინსტრუქციებით მოქმედი ბოლშევიკების დივერსიული ქმედებების აღკვეთა ევალებოდა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას არსებული ვითარების „სწორი შეფასება, რეალისტური ხედვა და სამოქმედო გეგმა“ სჭირდება, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის გზაზე, რაც „ჩვენი უალტერნატივო პერსპექტივა და მიზანია“.

მიესალმა რა ევოკავშირისა და აშშ-ის როლს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს რუსული ოკუპაციის, კოვიდ-19-ის პანდემიის, პოლარიზაციის, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად და ისეთ სადავო თემებზე, როგორიცაა „ნამახვანჰესი“ კონსენსუსის მისაღწევად „საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა გვესაჭიროება”.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 26 მაისი „ქვეყნის ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკონოვანი კულტურისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა“. „თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა მან.

პრემიერმა „ჩვენი იდენტობის“ ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში მართლმადიდებელი ეკლესიის „განსაკუთრებულ“ ღვაწლს გაუსვა ხაზი და დაამატა, რომ „ქართველ ერს უფლის რწმენა და იმედი ყოველთვის აძლიერებდა თავისუფლებისათვის ბრძოლაში“.

აღნიშნა რა ქართული ოცნების ხელისუფლების როლი „დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაში“, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „გაღრმავდა და  უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან- ამერიკასთან“. „2024 წელს საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე“, – დაამატა მან.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის დროს 247-მა წვევამდელმა საქართველოს მასშტაბით ექვს სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე სამხედრო ფიცი ერთდროულად დადო.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1921 წლის 25 აპრილს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ დაკარგა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)