1 ივნისიდან თბილისში ბუნებრივი აირის ფასი 8 თეთრით გაიზრდება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) 27 მაისის სხდომის გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან თბილისში 1 მ3 სამომხმარებლო ბუნებრივი აირის ღირებულება 7.8 თეთრით – 53.972 თეთრამდე გაიზრდება.
„ტარიფის კორექტირება განპირობებულია თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით“, – განმარტეს სემეკში.
ბუნებრივი აირის საფასურის ზრდის მიზეზად ვალუტის კურსის ცვლილებით ბოლო წელიწადნახევარში მიღებული 25 მლნ ლარის ზარალი დაასახელეს კომპანია „თბილისი ენერჯიში“, რომელიც დედაქალაქს გაზით ამარაგებს. კომპანიის განცხადებით, ისინი უკვე რამდენიმე თვეა, ბუნებრივი აირის შესაძენი ფასის ლარში დაფიქსირებას ითხოვენ, რაც კურსის ცვლილების შემთხვევაში „ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს მოსახლეობას“ და „საფრთხის ქვეშ არ დააყენებს დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას“.
აღსანიშნავია, რომ „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნით, მიმდინარე წლის 3 იანვარს ბუნებრივი აირის ფასი 24 თეთრით 1.1 ლარამდე გაიზარდა კომერციული მომხმარებლებისთვისაც.
ბუნებრივ აირზე ამჟამინდელი სამომხმარებლო ტარიფი (46.137 თეთრი) 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ძალაში 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა ყოფილიყო.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)