უკრაინის თავდაცვის მინისტრი თბილისს სტუმრობს 

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი 25-27 მაისს თბილისს სტუმრობს. იგი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ კოლეგას, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.

25 მაისს გამართულ შეხვედრაზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ტარანმა აღნიშნეს, რომ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა. მათივე თქმით, ნატოში ინტეგრაცია ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება საერთო ინტერესების ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის (EOP) ფორმატი.

25 მაისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ერთად საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის  2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი. გეგმის თანახმად, ქართული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში გამოცდილებას გაუზიარებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ტექნოლოგიები და შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტების შესაბამისად გაძლიერება.

27 მაისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. ვიზიტი დღეს მოგვიანებით დასრულდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)