პოლონეთის პრეზიდენტი თბილისს სტუმრობს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა 26-27 მაისს სამუშაო ვიზიტით თბილისს სტუმრობს, სადაც ის უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, ასევე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და ცხინვალის რეგიონთან გამყოფი ხაზი მოინახულა.
პრეზიდენტის სასახლეში დღეს შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან პოლონეთის პრეზიდენტთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის შესახებ ისაუბრა. „პასუხი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც არსებობს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, დღეს არის მეტი სოლიდარობა და მეტი სოლიდარობა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს პერსპექტივასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
„[პრეზიდენტ დუდას] ჩვენი მოთხოვნა გავუზიარე, რომ [ნატოს] სამიტმა მის ბოლო დეკლარაციაში გაითვალისწინოს საქართველოსა და მისი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის მდგომარეობა და ერთობლივად ჩვენთვის იქ, ისეთი გზავნილი დაფიქსირდეს, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს ღია კარის პერსპექტივას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თქმით, ვარშავა ეუთოს 2022 წლის თავმჯდომარეობის დროს მზად არის „საქართველოს ყველანაირი დახმარება გაუწიოს იმისთვის, რომ ოკუპაციის საკითხი წინა პლანზე იდგეს ეუთოს პოლიტიკურ აქტივობასა და განცხადებებში“.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პოლონელ კოლეგასთან ის „კონკრეტული ნაბიჯები“ განიხილა, რომლებიც თბილისმა 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენამდე უნდა გადადგას.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ მან მიმართა ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, რომ საკუთარი კარი ღია დატოვონ საქართველოსთვის. მან აღნიშნა, რომ საქართველომ ბევრჯერ დაამტკიცა საკუთარი, როგორც მოკავშირის ღირებულება და ამის მაგალითად ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ქვეყნის მონაწილეობა დაასახელა.
„მჯერა, რომ ეს გზა სულ უფრო დამოკლდება საქართველოსთვის“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ ორივე გაერთიანებაში საქართველოს წევრობისთვის კონკრეტულ თარიღებსა და პროცედურულ ნაბიჯებს იხილავს.
დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა დუდამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის საკითხები განიხილეს. „ხაზი გაესვა ეკონომიკური და სავაჭრო პოტენციალის ათვისების აუცილებლობას და ამ მიმართულებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზარია და ქართული პროდუქცია ასევე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს პოლონეთში“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.
27 მაისს პრეზიდენტ დუდასთან გამართულ შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ხაზი გაუსვა პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვარშავა განაგრძობს ნატოსა და ევროკავშირში თბილისის მისწრაფებების მხარდაჭერას.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინის თავდაცვის მინისტრი თბილისს სტუმრობს
- მსოფლიო ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს
- საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს შტაბბინას სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)