არასამთავრობოები გმობენ ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე „სისტემატურ თავდასხმებს“
„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გმობენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე „სისტემატური თავდასხმებისა“ და „მუქარის“ ფაქტებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევების „დაუყოვნებლივი გამოძიებისა“ და პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.
უფლებადამცველების გამოხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) მედიაპროექტ Factcheck-ის ანალიტიკოსის, ნაზიბროლა რეხვიაშვილის მიმართ Facebook-ის პოსტის გამო ხულოს საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის, ნუგზარ სოლომონიძის მუქარას მოჰყვა. რეხვიაშვილმა 27 მაისს Facebook-ზე ტელეკომპანია TV 25-თან სოლომონიძის ინტერვიუს მონაკვეთი გააზიარა, სადაც იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობას არასწორად ასახელებს და ვიდეოს შემდეგი შინაარსის აღწერა დაურთო – „თორნიკე რიჟვაძე რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჰგონია, თან – არჩეული, აზრს რომ ვერ აყალიბებს… ან ოპოზიციაში რა უნდა, ან მმართველ გუნდში“. მედიით გავრჩელებული კადრებიდან ჩანს, რომ საპასუხოდ, რეხვიაშვილს დეპუტატმა იმავე დღეს ასევე Facebook-ით მისწერა – „მოვა დრო და მიხვდები, რა საფრთხეში გააბი შენი მომავალი. ვერ გიცნივარ… საომრად მეორედ გამომიწვიე, მელოდე“.
„ჟურნალისტზე მუქარა სისხლსამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს“, – განაცხადა კოალიციამ 28 მაისს.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 27 მაისის განცხადებით, ჟურნალისტთა უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ყველა განცხადება, „საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას“.
ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში ნუგზარ სოლომონიძემ თქვა, რომ ნაზიბროლა რეხვიაშვილმა მას „პირადული შეურაცხყოფა“ მიაყენა. „პირადულს ვინც შეეხება, მიიღებს საკადრისს“, – დაამატა მანვე.
ნაზიბროლა რეხვიაშვილის განცხადებით კი – მას ხულოს საკრებულოს დეპუტატთან პირადი შეხება არასდროს ჰქონია და „ეს იყო მორიგი თავდასხმა“ ჟურნალისტის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ „რაც არაერთხელ გვინახავს“.
„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)