მცირე დაპირისპირების ფონზე პოლიციამ ნამახვანის პროტესტის 8 მონაწილე დააკავა
„სამოქალაქო საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე 27 მაისს სოფელ გუმათში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის რვა პირი დააკავეს.
აქტივისტების დაკავება მცირე დაპირისპირებას მოჰყვა, რა დროსაც აქტივისტებმა, რომლებიც პროტესტს ბოლო ორი დღეა სოფელში მართავენ, პოლიციის მიერ აღმართულ რკინის კონსტრუქციაზე გადასვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა, 28 წლის ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ აქტივისტების მიზანი პოლიციასთან დაპირისპირების პროვოცირება არ ყოფილა. „გაცხადებულად მშვიდობიანი გზებით ვმოქმედებთ“, – დაამატა მან.
მანვე აღნიშნა, რომ ისინი ადგილზე პროტესტს იქამდე განაგრძობენ, სანამ პოლიცია ბარიერებს არ მოხსნის და აქტივისტებს რიონის ხეობაში დაბრუნების შესაძლებლობას არ მისცემს, სადაც ისინი ჰესის მშენებლობას რამდენიმე თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ, სანამ ხელისუფლებამ აპრილის შუა რიცხვებში მათი კარვები არ დაშალა და გადაადგილება არ შეუზღუდა, რასაც სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის კრიტიკა მოჰყვა.
აქციის მონაწილეები სოფელ გუმათს თბილისიდან 26 მაისს დაუბრუნდნენ და პირობა დადეს, რომ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაშლიდნენ, რადგანაც დედაქალაქში მათმა ოთხდღიანმა მასშტაბურმა აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო და ხელისუფლებასთან კომპრომისი ვერ შედგა.
პროტესტის მონაწილეები რიონის ხეობიდან „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანია „ენკას“ გასვლას და მასთან ხელისუფლების მიერ დადებული კონტრაქტის გაწყვეტას, ასევე ყველა იმ პირის, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ, ვინც კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობდა და მას ხელი მოაწერა. აქტივისტები კოორდინირებული ენერგოპოლიტიკის შემუშავებამდე მსგავსი პროექტების განხორციელებაზე მორატორიუმის დადებასაც ითხოვენ.
ნამახვანჰესის შესახებ ადრეული დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
ასევე წაიკითხეთ:
- ვარლამ გოლეთიანი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა სამომავლო გეგმებზე საუბრობს
- ხელისუფლების წარმომადგენლები „ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციის მოთხოვნებს პასუხობენ
- იუსტიციის სამინისტროდან გაჟონილი კრიტიკული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)