გიორგი გახარიამ ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 29 მაისს ახალი პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა და პრეზენტაცია გამართა. „დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც იგი დღესვე პარტიის თავმჯდომარედაც აირჩიეს.
დაახლოებით 37 წუთიან სიტყვაში გიორგი გახარიამ ქვეყნის მთავარ გამოწვევებად სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და მათდამი საზოგადოების უნდობლობა, სოციალური დაცვის მექანზმების ნაკლებობა, განათლების რეფორმა, სიღარიბე და უმუშევრობა დაასახელა, რომელთა მოგვარების გარეშეც, მისივე თქმით, „ჩვენ სამართლიან და ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ“. გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თანაბარი წვდომა „ქვეყნის შესაძლებლობებზე“. „ქვეყანაში, რომელიც აშენებს დეოკრატიას, შეუძლებელია, არსებობდეს პრივილეგირებული კლასები. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა“.
ყოფილმა პრემიერმა, რომელმაც თანამდებობა თებერვალში, თანამდებობა გუნდთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე უთანხმოების გამო დატოვა, ვრცლად ისაუბრა კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შემქნის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კორუფციული შემთხვევების განხილვაზე იქნება ორიენტირებული.
გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მთელი ამ წლების განმავლობაში ნებისმიერი ხელისუფლება „დაბეჯითებით ანგრევდა წინამორბედის მიერ დატოვებულ [მემკვიდრეობას]“, რაც მისივე შეფასებით, იყო ერთ-ერთ მთავარი მიზეზი „ქვეყნის ერთ ადგილზე დგომის“. აღნიშნა, რა პანდემიის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალი აქტივობა, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ „მოქალაქეების პოლიტიკური კულტურა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური კლასის“.
- გიორგი გახარიას სამომავლო პარტიაში გაწევრიანების მიზეზით „ოცნების“ 6-მა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა
- გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში აფასებენ
გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ გვჭირდება ისეთ საკითხებზე საყოველთაო შეთანხმება ყველა პოლიტიკური ძალისა და პარტიის“, როგორებიცაა – რუსული ოკუპაცია, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. „[ჩვენმა] მოქალაქეებმა დიდი ხანია გადაწყვიტეს ქვეყნის მშვიდობიანი და არაძალადობრივი განვითარება“, – დაამატა მანვე.
გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ქართული ოცნება „დაშორდა რიგითი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს“ და „მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა“. მანვე პოსტიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ისიც დაასახელა, რომ „8-წლიანი მმართველობის შემდგომ“, ქართული ოცნება „თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს, ადარებდა 10-15 წლის წინ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას“. „მე დღეს აქ ვდგავარ, სრული აღქმით იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მეც მაკისრია ამ რეალობის შექმნაში“.
გიორგი გახარიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე ახალი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებიც წარადგინა, რომელთა შორის არიან პარლამენტარები – გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია და შალვა კერესელიძე. მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანებელი – ნათია მეზვრიშვილი და კახაბერ ქემოკლიძე; მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ბერდია სიჭინავა; რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი; არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ ყოფილი დირექტორი გიორგი გოგუაძე; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან თევზაძე; ზუგდიდის მერის მუნიციპალიტეტის ყოფილი მოადგილე გიგა ფარულავა; ჟურნალ Entrepreneur-ის ქართული გამოცემისა და გაზეთ Georgia Today-ს დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე.
ახალი პარტიის პრეზენტაცია სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების პროტესტის ფონზე წარიმართა, რომელთაც ყოფილ პრემიერს 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევა და ზუგდიდის საჯაროს სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალება შეახსენეს, რომლის ოჯახის განცხადებითაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელისუფლება ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაციას აიძულებდა. მაშინ გიორგი გახარია შს მინისტრის პოსტზე მსახურობდა.
2018 წლის მაისში ღამის კლუბებში ჩატარებული რეიდისა და 2019 წლის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ, გიორგი გახარიას გარშემო საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად პოლარიზებული იყო. გამოკითხვების მიხედვით, მისი პრემიერობის დროს კოვიდ-19-ის პანდემიის პირველ ტალღასთან წარმატებულად გამკლავების შემდეგ, მისდამი მოქალაქეების მოწონების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გიორგი გახარია 65%-ით პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი მოწონებით სარგებლობდა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს არა პირადად გიორგი გახარიას, არამედ მმართველი გუნდის რეიტინგის ასახვა იყო, რამდენადაც იგი მაშინ პარტიას წარმოადგენდა.
ბიოგრაფიული მონაცემები
შს მინისტრად დანიშვნამდე, გიორგი გახარია 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე მსახურობდა. 2014-2016 წლებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო ეკონომიკურ საკითხებში. 2013-2016 წლებში მას ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა ეკავა.
ქართული ოცნების გუნდში გამოჩენამდე, 1994-2013 წლებში, გიორგი გახარია მოსკოვში მოღვაწეობდა. 1994-1999 წლებში იგი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. 2004 წელს კი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სკოლის მაგისტრი გახდა.
ამის შემდეგ, გახარია მოსკოვში ძირითადად კერძო სექტორში საქმიანობდა. ასევე, პედაგოგიური საქმიანობითაც იყო დაკავებული, 2006-2009 წლებში, იგი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი ბიოტექნოლოგიების მიმართულებით ლექციებს კითხულობდა.
ასევე წაიკითხეთ:
- გიორგი გახარია: „პოლიტიკიდან არ წავალ“
- გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა
- ოცნებამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)