განათლება | პანდემია და ციფრული უფსკრული

როგორ გამოააშკარავა პანდემიამ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებული უთანასწორობები

ავტორი: თათა ბურდული, GeoWel Research-ის უფროსი მკვლევარი


2020 წლის მარტში, პანდემიის საპასუხოდ, საქართველოს 2000-მა სკოლამ კარები დახურა და ქვეყნის 600,000 მოსწავლე ონლაინ სწავლებაზე გადაერთო. არაერთი სკოლის კარი სრული აკადემიური წლით იყო დაკეტილი. მაშინ, როდესაც კოვიდ-19-ის ეფექტი ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და ადამიანის უფლებებზე მძაფრი დებატების საგანია, მისი ზეგავლენა საგანმანათლებლო სისტემაზე ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ ქართველების აზრით, საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროს შორის, განათლებამ (ეკონომიკის კვალდაკვალ) ყველაზე მეტად იზარალა.

სოფლად მცხოვრები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა საქართველოს განათლების სისტემის სათანადო ყურადღებას პანდემიამდეც მოისაკლისებდა. „პიზაში” მიღებული ქულები აჩვენებს, რომ სოფლის სკოლები ქალაქისას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ეს სკოლები ხშირად საჭიროზე მცირე ზომის არის, მათ შორის ბევრი ნგრევის პირასაა. სოფლის სკოლებს ასევე აკლიათ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, გათბობა და წყალგაყვანილობაც კი. შედეგად, სოფლად მცხოვრებ მოსწავლეთა მხოლოდ დაახლოებით 10% იღებს ეროვნულ გამოცდებზე საკმარის ქულებს უნივერსიტეტში სწავლის დასაფინანსებელი გრანტისთვის, როდესაც ეს მაჩვენებელი 27%-ს შეადგენს თბილისის მოსწავლეებისთვის.

კოვიდის პანდემიის ზეგავლენის შესაფასებლად, აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული „საქართველოს განათლების ადვოკატირების პროექტის“ ფარგლებში, ჩვენ ვრცელი მონაცემები მიმოვიხილეთ და ქვეყნის მასშტაბით ფოკუს ჯგუფის დისკუსიები გავმართეთ. შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს ყველაზე დაუცველი სტუდენტებიდან ბევრისთვის პანდემიამ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული პრობლემები კიდევ უფრო გააღრმავა.

გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში წელიწადზე მეტ ხანს ტარდებოდა, მათი მიმდინარეობისას კი სტუდენტებისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი ინტერნეტთან და ტექნიკასთან წვდომა იყო. ლეპტოპის, ტაბლეტის ან სმარტფონის და ხარისხიანი ინტერნეტკავშირის გარეშე დისტანციური სწავლა შეუძლებელია. იუნისეფის კვლევის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის დაფარვის შედარებით მაღალი დონის (88%) მიუხედავად, პანდემიის დროს დაახლოებით 90,000 მოსწავლეს, ანუ საქართველოს სკოლის ასაკის ბავშვების 15%-ს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდა. დამატებით, იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა გააჩნდათ, ბევრს კავშირის სიმყარისა და სიჩქარის პრობლემებთან უწევდათ გამკლავება.

ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. დაბალშემოსავლიანი და ღარიბი ოჯახები, რა თქმა უნდა, ნაკლებად ფლობენ ონლაინ გაკვეთილებზე წვდომისთვის საჭირო მოწყობილობებს და უჭირთ ინტერნეტის გადასახადების დაფარვა. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ოჯახებისთვის, რომლებიც საქართველოში არსებული მწირი სოციალური დახმარების საშუალებით ცდილობენ თავის გატანას, კომპიუტერის ან მსგავსი მოწყობილობის ქონა ნაკლებ სარეიტინგო ქულას და შესაბამისად, სოციალური დახმარების დაკარგვას ნიშნავს.

ოჯახები, რომლებიც შორს მდებარე სოფლებში ან მაღალ მთაში სახლობენ, სუსტი ციფრული ინფრასტრუქტურისა და ხარვეზიანი ინტერნეტკავშირის გამო, ციფრული თვალსაზრისით არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან.

ასეთი პრობლემები კიდევ უფრო გაართულა მასწავლებლებში ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად საჭირო უნარების ნაკლებობამ. მეტად იზოლირებულ დასახლებებში, სადაც ასაკოვანი და სოციალურად დაუცველი მასწავლებლები მრავლობენ, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა. მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით,

„დარჩა საგნები, სადაც პანდემიის განმავლობაში გაკვეთილიც არ ჩატარებულა, ზოგს ტექნიკა არ ჰქონდა, ზოგს უნარები; მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც. კლასში თხუთმეტიდან ცხრა მოსწავლეს არ ჰქონდა ეს რესურსები და საერთოდ ვერ ჩაერთნენ ონლაინ სწავლებაში. ძალიან უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებზე.“

ჩვენმა კვლევამ ათეულობით მსგავსი მაგალითი აჩვენა: ოჯახები, რომელთა ძველ ნოკიას ფირმის ტელეფონებს არ შეეძლოთ ონლაინ სწავლებაზე გადასვლის უზრუნველყოფა; ოჯახები, რომლებიც მობილური სატელეფონო კავშირის მიღების არეალს მიღმა ცხოვრობენ და მოსწავლეები, რომელთაც ციფრული დაყოფის გამო სწავლის თითქმის მთელი წლის გაცდენა მოუწიათ.

ინტერნეტთან წვდომის მქონე ოჯახებშიც კი, და-ძმებს რესურსების ერთმანეთთან გაზიარება უწევდათ. ბევრ ოჯახს, რომელთაც ერთზე მეტი შვილი ჰყავთ, არ გააჩნდათ საკმარისი რაოდენობის მოწყობილობები იმისათვის რომ, თითოეულ ბავშვს შესძლებოდა ონლაინ გაკვეთილზე დასწრება. შესაბამისად, მათ უწევდათ რომელიმე შვილის განათლებისთვის უპირატესობის მინიჭება. “ყველაზე მეტად მეთორმეტე კლასელი დამეჩაგრა,” გვითხრა სამი შვილის დედამ დმანისის მუნიციპალიტეტიდან, “ყველაზე პატარა აუცილებლად უნდა ჩართულიყო, დაწყებით კლასებშია. მერე – მეათე და მერე – მეთორმეტე კლასელი. ერთდროულად ჰქონდათ გაკვეთილები და სამი ბავშვისთვის [იზოლირებული] ფიზიკური გარემო არ იყო, არც მოწყობილობა, ზამთარში ყველა ოთახი ვერ თბება.“

ეს ტენდენცია ქვეყნის მასშტაბით მეორდებოდა. ზოგიერთი მოსწავლე იძულებული იყო, მოწყობილობები მეზობლებისგან ან ნათესავებისგან ეთხოვა, ან მასწავლებლებთან კომუნიკაცია ტელეფონით ჰქონოდა, რაც ღრმად უშლის ხელს განათლების ხარისხს და მასზე წვდომას. საქართველოს განათლების სისტემას მოუწევს, ეს ციფრული დაყოფა მომავალ წელს გამოასწოროს, ან მთელი რიგი სტუდენტებისა უყურადღებოდ დატოვოს. ჩვენი რესპონდენტი მასწავლებლების მიხედვით, ყველაზე მეტად იზარალა ხელოვნების, მუსიკის და მეცნიერების საგნებმა – საგნებმა, რომლებისთვისაც პრაქტიკული გაკვეთილები არსებითია.

ზოგიერთი ქართველი განათლების სფეროს მოღვაწე ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაცდენილი სასწავლო მასალის ანაზღაურებას პესიმისტურად უყურებს. „იმისი საშულება, რო მოსწავლეებისთვის, რომლებიც განთლების მიღმა დაგვრჩნენ, დამატებითი [რესურსი] გამოიყოს, თუნდაც ადამიანური, ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ,” გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა მასწავლებელმა გვითხრა. „ის, რაც ვერ ისწავლეს, დარჩა ჰაერში გამოკიდებული. თან ყველა საგანში მიჯრით არის ყველაფერი, გამეორდება, მსხვილდება, სიღრმისეული ხდება. საბაზისო [ცოდნა] როცა არ აქვს, შემდეგ უკვე ძალიან უჭირს წინ წასვლა. ძალიან უარყოფითად აისახება. უკვე ვხედავ ამ პრობლემებს ამ ბავშვებში. ვერ ვხედავ წინ წასვლის პერსპექტივას.“

ინტერნეტთან არათანაბარი წვდომის პრობლემასთან გამკლავების მიზნით, 2021 წლის იანვარში – პანდემიის დაწყებიდან ცხრა თვის შემდეგ – საქართველოს მთავრობამ მობილურ ოპერატორებთან გააფორმა შეთანხმება მოსწავლე-მასწავლებლებისთვის მობილური ინტერნეტის იაფიანი პაკეტების უზრუნველყოფის თაობაზე. ეს ზომა ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლებისა და მშობლების აზრით  დაგვიანებული იყო. ერთმა რესპონდენტმა მას „აბსოლუტურად უადგილო“ უწოდა, ვინაიდან პაკეტის შეღავათი ხელმისაწვდომი გახდა ონლაინ სწავლების თითქმის სრული აკადემიური წლის შემდეგ და ბავშვების საკლასო ოთახებში დაბრუნების წინ. დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის პაკეტები მოსწავლე-მასწავლებლებისთვის გაიაფდა, მათი უღარიბესი ნაწილი მაინც მიღმა დარჩა.

იუნისეფის კვლევის მიხედვით, თუ 90,000 ბავშვს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ონლაინ გაკვეთილებს ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო დასწრებოდა, სხვა სტუდენტებს ონლაინ გაკვეთილების დასწრების მოტივაცია აკლდათ. ბევრმა რესპონდენტმა გვითხრა, რომ გაკვეთილზე დასწრების ოფიციალური სახელმწიფო მაჩვენებელი გადაჭარბებულია.

მასწავლებლების თქმით, ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების სახელმწიფო მაჩვენებელი შედარებით საპატიო 94% იყო. თუმცა, რამდენიმე მასწავლებელმა გვითხრა, რომ ოფიციალური მაჩვენებელი სკოლის წარმომადგენელთა მიერ გაზვიადებულია “რადგანაც სკოლის ადმინისტრაციის თვალში რეპუტაციის შენარჩუნება სურდათ”.

94%-იანი დასწრება რო დადეს [სახელმწიფომ], სასაცილო იყო,” თქვა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა მასწავლებელმა. „ხო იყვნენ სოფლები, სადაც [ონლაინ გაკვეთილები] საერთოდ არ ჩატარებულა. ინტერნეტი არ იყო, არ დგას. არც სილქნეტი, არც მაგთი. და იქ კიდე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სად ქონდათ მაღალმთიანში ოჯახებს [საშუალება] რო მეგაბაიტები ეყიდათ?! იქ საერთოდ ჩავარდა [ონლაინ სწავლა].

ვინაიდან საქართველო ახლა შედის პანდემიის მესამე ტალღაში, სკოლების ხელახლა დახურვის საჭიროების რეალური ალბათობა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლე-მასწავლებლებისთვის სუბსიდირებული ინტერნეტ პაკეტები წინა წელს სწავლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეთა ნაწილს დაეხმარება, განათლებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, კოვიდ-19-ის მიერ გამოვლენილი უთანასწორობების დაძლევა გრძელვადიან სტრუქტურულ გეგმას და რეფორმებს მოითხოვს. სტატიათა სერიის შემდეგ პუბლიკაციაში განვიხილავთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის უთანასწორობის კიდევ ერთ საკითხს: ეთნიკური უმცირესობათა ჩართულობას.

წინამდებარე სტატია შემუშავდა „საქართველოს განათლების ადვოკატირების პროექტის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ავტორ(ებ)ის მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შედეგები და დასკვნები შესაძლოა, არ ასახავდეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ან Civil.ge-ს პოზიციას.

This post is also available in: English (ინგლისური)