განათლება | ენობრივი ბარიერი
ეთნიკურ უმცირესობათა მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების უზრუნველყოფის უწყვეტი გამოწვევა საქართველოში
განათლება საქართველო ეთნიკური უმცირესობების მოქალაქეობრივი ინტეგრაციის საშუალება უნდა ყოფილიყო. როგორც თამარ ბურდულმა აღმოაჩინა, ამ მიზნამდე შორი გზაა გასავლელი.
ქართველები ქვეყნის ეთნიკური ტოლერანტობის ტრადიციით ამაყობენ. ქვეყნის მოსახლეობის 16% ეთნიკურ უმცირესობას, უმეტესად სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას წარმოადგენს. ძველი თბილისი, ერთად თავმოყრილი სინაგოგით, მეჩეთით, სომხური და ქართული ეკლესიებით, ქვეყნის მულტიკულტურული ჰარმონიის სიმბოლოდ მიიჩნევა. თუმცა, უმცირესობათა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის რეალობა განსხვავებულია. საქართველოში მცხოვრებ სომეხთა და აზერბაიჯანელთა დიდი ნაწილი ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში სოფლად მდებარე მონოეთნიკურ დასახლებებში ბინადრობს.
ისინი დანარჩენი ქართული საზოგადოებისგან იზოლირებულნი არიან, ყველაზე მკაფიოდ – ენობრივად: იმ მოსახლეობის 74%, რომლებისთვისაც აზერბაიჯანული მშობლიური ენაა და იმ მოსახლეობის 51%, რომლებისთვისაც სომხური მშობლიური ენაა, ქართულ ენაზე თავისუფლად ვერ საუბრობს. უმცირესობები დასაქმების და სწავლის შესაძლებლობებისთვის უფრო მეტად ბაქოს ან ერევანს (ან რუსეთს) მიმართავენ, ვიდრე თბილისს, რაც ფართომასშტაბიან ემიგრაციას ქმნის.
2005 წლიდან საქართველო ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობათა საზოგადოებრივი ინტეგრაციის საშუალებად განათლებას ხედავს: ითვლება, რომ ქართული ენის უნარებისა და ხარისხიანი განათლების მიწოდების გზით, უმცირესობებს კარგი სამსახურების პოვნა და საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში სწავლა შეეძლებათ, რაც მათ ქვეყნის სამოქალაქო ინტეგრაციას დააჩქარებს.
უკანასკნელი თხუთმეტი წლის ძალისხმევის შედეგები არაერთგვაროვანია. აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული „საქართველოს განთლების ადვოკატირების პროექტის“ ფარგლებში, ჩვენ დავამუშავეთ ვრცელი რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები და გავესაუბრეთ ათეულ მასწავლებელსა და მშობლებს, რათა ეთნიკურ უმცირესობათა წინაშე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო პრობლემები შეგვესწავლა. შედეგებმა აჩვენა, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, არაქართულენოვან სტუდენტებს წინ არაერთი გამოწვევა ეღობება.
ამჟამად, საქართველოს სკოლებში 80,000-ზე მეტი ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი მოსწავლე სწავლობს, რაც მოსწავლეთა სრული რაოდენობის 14%-ს შეადგენს. მათი უმეტესობა სწავლობს 208 არაქართული სკოლიდან, ან 83 ქართული სკოლის არაქართული სექტორიდან ერთ-ერთში. საქართველოს ეთნიკურ უმცირესობათა ქართული ენის უნარების და საგანმანათლებლო მიღწევების ზოგადი დონის გაუმჯობესებისკენ მიმართული ძალისხმევა ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. ქართულის, როგორც მეორე ენის სასწავლო სახელმძღვანელო, 2005 წელს შემუშავდა.
სხვა ზომები მოიცავს მასწავლებლის სახლის მიერ მასწავლებელთა გადამზადების პროგრამებს და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას, სკოლის მათთვის რჩეულ ენაზე დირექტორების პროფესიული განვითარებისკენ მიმართულ პროექტს, ორენოვანი სწავლების დანერგვა და მასწავლებელთა გადამზადებას, ქართულ ენაზე მოსაუბრე კონსულტანტ-მასწავლებლების არაქართულენოვან სკოლებში მივლინებას და სახელმძღვანელოების გაუმჯობესებას. ამ ზომების განხორციელება საქართველოს საგანმანათლებლო სექტორის ზოგადი რეფორმების პარალელურად მიმდინარეობდა, რაც სოფლად მდებარე სკოლების რეკონსტრუქციას და მასწავლებელთა ანაზღაურების გაზრდასაც ითვალისწინებს.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ეთნიკური ქართველებისა და უმცირესობების საგანმანათლებლო მიღწევებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს. 2016 წელს, აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მოსწავლეთა 56%-მა და სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეთა 44%-მა სკოლის დამამთავრებელი გამოცდები ვერ ჩააბარეს მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი ქართულენოვანი მოსწავლეების მეოთხედს შეადგენდა. 2018 წელს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აბიტურიენტთა მეოთხედმა ეროვნულ გამოცდები ვერ ჩააბარა, ქართულენოვან აბიტურიენტებისთვის კი ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდა.
ქართული ენის არცოდნა ყოვლისმომცველი საკითხია. ვინაიდან ეთნიკურ უმცირესობათა უმრავლესობა მონოეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში ბინადრობს, ბავშვებისთვის დაწყებითი სკოლა წარმოადგენს სივრცეს, სადაც პირველად ხვდებიან ქართულ ენას. ექვსი წლის ასაკიდან ისინი იწყებენ ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლას, რასაც შემდგომ კლასებში ემატება რამდენიმე სხვა ქართულენოვანი საგანი (ისტორია, გეოგრაფია და სოციალური მეცნიერებები). თუმცა, სკოლის პირველივე დღიდან, უმცირესობათა ბავშვები სირთულეების წინაშე დგებიან: სახლში მეცადინეობისას, მშობლებს არ შეუძლიათ შვილების ქართულენოვან საგნებში დახმარება, ვინაიდან მშობლებმა ქართული არ იციან. ბავშვებს საშინაო დავალებაში მშობლის ჩართულობა ხშირად სჭირდებათ, განსაკუთრებით – დაწყებით კლასებში, შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები მეტად არახელსაყრელ პირობებში იმყოფებიან. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ არაქართულენოვანი სკოლების ბევრი მასწავლებელი ქართულ ენას თავისუფლად ვერ ფლობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვები ხშირად მარტონი რჩებიან სახელმძღვანელოებისა და რთული ტერმინოლოგიის პირისპირ.
ბილინგვური სახელმძღვანელოები არის, მაგრამ პედაგოგებმაც არ იციან ქართული და შესაბამისად ეს ქმნის პრობლემას შემდგომში,“ გვითხრა მასწავლებელმა მარნეულის აზერბაიჯანულენოვანი დასახლებიდან, „მასწავლებელმა თუ არ იცის ქართული, ვერ ასწავლის, ვერ გადასცემს ორენოვანს [მასალას].
შედეგად, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ბევრ მშობელს ურჩევნია, არაქართული სექტორის ნაცვლად, შვილი ქართულენოვან სკოლაში მიიყვანოს – სულ 32,000, ანუ ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთა 40% ქართულენოვან სკოლებში დადის. ეს კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს ზოგიერთი მოსწავლისთვის, რომელნიც ქართულენოვან გარემოში მეტად არიან ჩართულნი. თუმცა, როგორც გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა მასწავლებელმა აგვიხსნა, მასწავლებლების მხრიდან დამატებითი ძალისხმევის გარეშე, უმცირესობათა მოსწავლეების განათლების ხარისხი როგორც ქართულ, ასევე მათ მშობლიურ ენაშიც ზიანდება.
ბევრი ბავშვი ენის გამო ჩვენი სკოლიდან ჩადიოდნენ ქართულ სკოლაში და იქ ცდილობდნენ [სწავლას]. მშობლებს ესმოდათ, რო ენის გარეშე ვერ წავლენ წინ და მანდ უშვებდნენ, მარა ბავშვი შოკში იყო, ოცდახუთი ბავშვი კლასში, ოცი ქართულენოვანი და ხუთი არაქართულენოვანი, მასწავლებელი არც ფიქრობდა, რო სათანადო ყურადღება მიაქციოს ამ მოსწავლეებს და რჩებოდნენ ეს ბავშვები უცოდინარი, უნარ-ჩვევების გარეშე. წლების მერე რო ხვდებოდნენ, რო ვერ ისწავლეს და აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ბრუნდებოდა, სადაც არც აზერბაიჯანული იცის, არც ქართული.
ეს მიუთითებს სხვა პრობლემაზე: იმაზე, რომ უმცირესობათა ენაზე სწავლებაც პრობლემური შეიძლება იყოს. საქართველო არ აწარმოებს სომხური ან აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებს, შესაბამისად, მოსახლეობა იძულებულია, წიგნები მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოიტანოს. ვინაიდან ამ ქვეყნებს 11-წლიანი სასკოლო სისტემა აქვთ, საქართველოს 12-წლიანი სისტემის დამამთავრებელ კლასში მოსწავლეები მშობლიური ენებში „წიგნის გარეშე რჩებიან“ და მე-11 კლასის მასალის გამეორება უწევთ.
სიტუაციას ართულებს ისიც, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლები სამსახურიდან მიდიან, ხოლო მათი შემცვლელი ძალიან იშვიათია. შესაბამისად, არსებულ მასწავლებლებს უწევთ ღიად დარჩენილი საგნების შეთავსება, მათ შორის სხვა საგნობრივი ჯგუფიდანაც, რომელშიც მათ გამოცდილება არ გააჩნიათ. მიუხედავად ფართო საჭიროებისა და არაერთი ვაკანსიისა, განსაკუთრებით მეცნიერების საგნებში, მუდმივად რთულია უმცირესობათა მოზიდვა მასწავლებლის პროფესიაზე. ეს შესაძლოა, გამომდინარეობდეს ქართული ენის ცოდნის სიმწირიდან, რაც ეთნიკურ უმცირესობათა მასწავლებლებს ხელს უშლის კარიერულ წინსვლაში – მათ ერთულებათ შესაბამისი გამოცდების ქართულ ენაზე ჩაბარება, მიუხედავად იმისა, რომ არაქართულენოვან საგანს ასწავლიან.
[მასწავლებლის] გამოცდა არ არის აზერბაიჯანულ ენაში. ეს მასწავლებლებსაც პრობლემას უქმნის. წინ ვერ მიდიხარ. 2016 წლიდან ვმუშაობ და ვარ [მასწავლებლობის] მაძიებელი. გამოცდა არ არის და წინ ვერ მივდივართ. ძირითადი ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს არ აქვთ საშუალება, რო გამოცდა ჩააბარონ და წინ წავიდნენ სქემაში. თანაბარი პირობა არაა ყველა მასწავლებლისთვის, როგორც მათემატიკის მასწავლებლისთვის, მაგალითად.“ გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის უმცირესობათა წარმომადგენელმა მასწავლებელმა. ეს, თავის მხრივ, უმცირესობათა ბევრ წარმომადგენელს ხელს უშლის მასწავლებლის პროფესიით დაინტერესებაში.
ამის აღმოსაფხვრელად, 2009 წლიდან ქართულის მცოდნე ასისტენტები და კონსულტანტები არაქართულენოვანი სკოლების გარკვეულ ნაწილში მიავლინეს. თუმცა, სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევამ აჩვენა, რომ „იმ მოსწავლეების მიღწევებში, რომლებთანაც ეს მასწავლებლები მუშაობენ, მნიშვნელოვანი სხვაობა არ გაჩენილა“. ანგარიშმა ასევე აჩვენა, რომ აღნიშნული „კონსულტანტ-მასწავლებლები“ მუშაობდნენ არაქართულენოვანი სტუდენტების მხოლოდ 15%-თან და მათმა ნახევარმა სამუშაო ერთი წლის შემდეგ დატოვა. დამატებით, ქართული ენის ცოდნის ნაკლებობა უმცირესობათა წარმომადგენელ მასწავლებლებს ხელს უშლის კარიერული განვითარების სქემაში წინსვლაში, რაც, თავის მხრივ, ნაწილობრივ შეიძლება ხსნიდეს პროფესიაში ზოგადი ინტერესის ნაკლებობას.
მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, საქართველოს განათლების სისტემას ბევრი რჩება გასაკეთებელი ეთნიკურ უმცირესობათა მოსწავლეებისთვის სტანდარტების გასაუმჯობესებლად, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ხელ უწყობს განათლების უთანასწორობას. ამ მხრივ, გაკვეთილებზე დასწრების დაბალი და სწავლის მიტოვების მაღალი მაჩვენებლები დამატებით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა წილი ჭარბობს სწავლის მიმტოვებელთა საერთო რაოდენობაში. ეკონომიკური და კულტურული საკითხები, როგორიცაა ბავშვთა შრომა და ადრეული ქორწინება მნიშვნელოვნად მოქმედებს ამ მოსწავლეთა ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობაზე. ბიჭების შემთხვევაში დამახასიათებელია საკლასო ოთახიდან სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოზე გადართვა, ხოლო ზოგიერთ დასახლებებში გოგონები სკოლას თავს ქორწინებისთვის ანებებენ, როგორც თელავის მუნიციპალიტეტის არაქართულენოვანი სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა აგვიხსნა.
„ტენდენცია არის ის რომ, ბავშვები გარკვეულ ზღვარს რომ აღწევენ, მეცხრე კლასის მერე უფრო, განათლებას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ადრე დაოჯახებაა მიღებული. ასევე, ბიჭებში მუშაობა, სამუშაოდ წასვლა. ვაჭრობენ ძირითადად და მოძრაობაში არიან.“
შესაძლოა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა იმ სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად, რასაც ადრეულ ქორწინებამდე და ბავშვთა შრომამდე მივყავართ, განათლებაზე გადის. თუმცა, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ინსტიტუტების ათზე მეტი წლის განმავლობაში ინტენსიური ძალისხმევისა და რეფორმის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ნათელია, რომ ეთნიკურ ქართველებსა და უმცირესობათა საგანმანათლებლო მიღწევებს შორის მნიშვნელოვანი ნაპრალი ნარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, დაფინანსება, დასაქმების შესაძლებლობები და სასწავლო მასალები უმჯობესდება, ცხადია, რომ გაუმჯობესების სიჩქარე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ველოდით, რაც აისახება ქართული ენის ცოდნის და ზოგადად განათლებაში აკადემიური მოსწრების დაბალ დონეებზე. ეს არის საკითხი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია, თუკი საქართველოს ინტერეთნიკური ტოლერანტობის რეპუტაციის შენარჩუნება და უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია სურს.
წინამდებარე სტატია შემუშავდა „საქართველოს განათლების ადვოკატირების პროექტის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ავტორ(ებ)ის მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შედეგები და დასკვნები შესაძლოა, არ ასახავდეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ან Civil.ge-ს პოზიციას.
This post is also available in: English (ინგლისური)