აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოსთვის 2022 წელს 120.6 მლნ აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და USAID-ს 2022 წლის ბიუჯეტში საქართველოსთვის სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით 120.6 მლნ აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას სთხოვს.
ბიუჯეტის დასაბუთების დოკუმენტი, რომელიც 28 მაისს გამოქვეყნდა, საქართველოსთვის 88 025 000 აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან (AEECA), რაც ქვეყნის „დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და კრემლის საზიანო გავლენასთან დასაპირისპირებლად მედეგობის განმტკიცებას“ დაეხმარება.
დოკუმენტის თანახმად, ფინანსური სახსრები ასევე დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე, პოლიტიკურ პლურალიზმს შეუწყობს ხელს, დაეხმარება შერიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან, გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას და სუფთა ენერგიას განავითარებს, ასევე გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დაეხმარება.
გარდა ზემოთხსენებული პროგრამისა, დოკუმენტის თანახმად, საქართველო ასევე მიიღებს 2.2 მლნ აშშ დოლარს სამხედრო განათლებისა და წვრთნის საერთაშორისო პროგრამების (IMET) მეშვეობით, რომელთა მიზანიც რეგიონული უსაფრთხოებისა და აშშ-ის, ნატოსა და ევროპის შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის ზრდა, ასევე რუსულ აგრესიასთან დაპირისპირებაში დახმარებაა.
საქართველო უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმღებადაც დასახელდა, ვინაიდან დოკუმენტი საქართველოსთვის რუსულ გავლენასთან გასამკლავებლად 25 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ამას გარდა, საქართველო 4.4 მლნ აშშ დოლარს მიიღებს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, ხოლო 1 მლნ აშშ დოლარი იარაღის გაუვრცელებლობის, ტერორიზმთან ბრძოლის, განაღმვისა და სხვა პროგრამების ფარგლებში გამოიყოფა.
ფედერალური ბიუჯეტის განხილვის პროცესის კონგრესში გადანაცვლების შემდეგ, შესაძლოა, მოთხოვნილი თანხები შეიცვალოს.
აშშ-ის 2021 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი საქართველოს დასახმარებლად არანაკლებ 132 მლნ აშშ დოლარს ითვალისწინებდა, საიდანაც 88 025 000 აშშ დოლარი ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან გამოიყო, 35 000 000 აშშ დოლარი – საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამიდან, ხოლო დამატებით 5 700 000 აშშ დოლარი – ნარკოტიკებთან ბრძოლის მიზნით გამოიყო. გარდა ამისა, სამხედრო განათლებისა და წვრთნისთვის საქართველომ 2 200 000 აშშ დოლარი მიიღო, ხოლო 1 100 000 აშშ დოლარი იარაღის გაუვრცელებლობის, ტერორიზმთან ბრძოლის, განაღმვისა და სხვა პროგრამების ფარგლებში გამოიყო.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)