6-9 ივნისი, 1921: ერთა ლიგის საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ივლისი, N3
ერთა ლიგის საზოგადოებათა მეხუთე კონგრესი ჟენევაში
(6-9 ივნისამდე 1921 წ.)
ამ კონგრესზე საქართველოს საზოგადოებისაგან იყვნენ კონსტანტინე საბახტარაშვილი და სიმონ მდივანი, რომელთაც წარუდგინეს კონგრესს დასაბუთებული მოხსენება საქართველოს ეხლანდელ მდგომარეობის შესახებ. კონგრესი დიდის სიმპატიით მოეპყრა საქართველოს საკითხს და დასვა ის თავის დღის წესრიგში.
მომხსენებლად საქართველოს შესახებ გამოვიდა ინგლისის საზოგადოების წარმომადგენელი, ცნობილი ინგლისელი ქალი ლედი გლადსტონი, რომელმაც თავის შვენიერ სიტყვაში სასტიკად დაჰგმო მოსკოვის იმპერიალისტთა მიერ სრულიად უმიზეზოდ საქართველოს დაპყრობა და წარუდგინა კონგრესს შესაფერი რეზოლიუცია მისაღებად.
საფრანგეთის საზოგადოების წარმომადგენელმა პროფესორმა ილარმა (ისტორიკოსი) მეტად შინაარსიანი სიტყვა წარმოსთქვა, რომელშიაც განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო, – ეს დემოკრატიულად მოწყობილი ერი, – დაიპყრო და უკავია უცხოელ ჯარს ქართველი ხალხის აშკარა სურვილის წინააღმდეგო.
მგრძნობიარე და საქართველოს მიმართ სიმპატიით და ქება-დიდებით აღსავსე სიტყვა წარმოსთქვა აგრეთვე ინგლისის საზოგადოების წარმომადგენელმა, ქართველი ხალხის მიერ კარგად ცნობილმა ტომას შოუმ [1920 წლის სექტემბერში შოუ ევროპელ სოციალისტებთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]. მისი სიტყვა მთელმა კონგრესმა მხურვალე ტაშიც დააჯილდოვა.
რუსის საზოგადოების წარმომადგენელმა ბრიანჩანინოვმმა (ცნობილი რუსის შავრაზმელია) მოითხოვა რეზოლუციის ტექსტში სიტყვები -„უცხოელ ჯარმა დაიპყრო“-ს … მაგიერ შეტანა -„ბოლშევიკებმა დაიპყრო“… ბრიანჩანინოვის აზრი აშკარა იყო, მას სურდა ხაზი გაესვა იმ გარემოებისათვის, რომ საქართველო რუსეთს, ე. ი. უცხოელ ჯარს არ დაუპყრია.
ეს შესწორება კონგრესმა უკაუგდო, რადგან კარგად მიუხვდა ბ-ნ ბრიანჩანინოვის სურვილებს.
კონგრესმა მიიღო შემდეგი რეზოლუცია:
„კონგრესი, აღელვებული საქართველოს, ამ დემოკრატიულად მოწყობილ ერის უბედურ მდგომარეობით, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი უცხოელმა ჯარმა დაიპყრო და უჭირავს მცხოვრებთა სურვილის წინააღმდეგ და რომ მან ამნაირად დაჰკარგა თავის დამოუკიდებლობა და თავისუფლებანი, გამოსთქვამს თავის აღშფოთებას ამის გამო და დაბეჯითებით მოითხოვს ერთა ლიგის საბჭოს ადა საერთო ყრილობისაგან მიღებულ იქნას ზომები, რათა პრინციპი ხალხთა თვითგამორკვევის უფლებისა განხორციელებულ იქნას საქართველოს მიმართ“.