ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 3 ივნისს თბილისში უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს უმასპინძლა. შმიგალი საქართველოში პირველი ვიზიტით დღეს დილით ჩამოვიდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ „საერთო გამოწვევები და პრობლემები, როგორებიც არის – რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები“. საქართველოს პრემიერმა გამოხატა „ღრმა შეშფოთება“ უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში „რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო“ და დაადასტურა საქართველოს „მტკიცე მხარდაჭერა“ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ „ასოცირების ტრიოს“ ფორმატის შექმნა „ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია“ და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნები ევროკავშიროს წევრობისკენ ისწრაფვიან.
გაიხსენა რა რომ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს, საქართველოს პრემიერმა დაამატა, რომ „წლების მანძილზე ჩვენმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ამ გზაზე“.
უკრაინა-საქართველოს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის თემაზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა რომ უკრაინა საქართველოს „ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია“ და დასძინა, რომ კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაორმაგებაზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებით, ტურიზმისა და სხვადასხვა მიმართულებით. მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვს „ყველა მექანიზმი“ იმისათვის, რომ რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ „ჩვენ შორის არსებული ისედაც ძალიან ძლიერი ურთიერთობები“.
საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა მიაღწიონ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო კრიტერიუმებს, განაცხადა უკრაინის პრემიერმა და ამ კონტექსტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში პოზიციების, ქმედებებისა და ხედვების შემდგომ განვითარებას და „ასოცირების ტრიოს“ ფორმატის შექმნას გაუსვა ხაზი.
უკრაინის პრემიერის თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები, აიძულებენ უკრაინასა და საქართველოს, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით.
შმიგალმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა აქტიურად ითანამშრომლებენ უკრაინის მიერ ინიცირებული „ყირიმის პლატფორმის“ ფარგლებში, რომელიც ნახევარკუნძულის დეოკუპაციისკენ არის მიმართული. თავის მხრივ, უკრაინის პრემიერმა დაადასტურა თავისი ქვეყნის „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შმიგალმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველ კოლეგასთან საუბრისას, მან აგრეთვე დაადასტურა, რომ უკრაინა თანაავტორის სტატუსით შეუერთდება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტებს, რომლებიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ფორმირებების გაყვანას, ასევე საქართველოს ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს.
აღნიშნა რა რომ უკრაინასა და საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო პოტენციალი აქვს, პრემიერმა შმიგალმა დასძინა, რომ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების ერთობლივ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნების შავი ზღვის პორტებს შორის სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ყურადღების გამახვილებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, დენის შმიგალი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-საც შეხვდება. იგი ქვეყანას 4 ივნისს დატოვებს. უკრაინის პრემიერის ვიზიტი საქართველოში ამერიკელი სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის სტუმრობას დაემთხვა.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინის თავდაცვის მინისტრი თბილისს სტუმრობს
- თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ელჩი კიევში დაბრუნდა
- საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინაზე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე იმსჯელეს
- საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს მიმართავენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)