PACE-ის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა – ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი), ასევე კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილემ ბას კლეინიმ 3 ივნისს საქართველოში ვიზიტი დაასრულეს, სადაც ისინი ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება, ასევე 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული საარჩევნო და სასამართლო რეფორმის საკითხები განიხილეს. „მიშელის დოკუმენტის შესრულება ჩვენი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ – საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის ივლისში შეტანილ სადავო ცვლილებებზე იმსჯელეს, რაც კომუნიკაციების კომისიას სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველის“ დანიშვნის უფლებას აძლევს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე.
დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ „სპეციალური მმართველის დანიშვნით ამ ფასეულობებს მომავალში არავითარი საფრთხე არ ემუქრება“.
PACE-ის წარმომადგენლები 3 ივნისს სამი სხვადასხვა შეხვედრა გამართეს ოპოზიციონერ დეპუტატებთან. პირველს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია საქართველოსთვის წევრი ანა ბუჩუკური და გირჩის დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი ესწრებოდნენ. მეორე შეხვედრა დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ბაქრაძესთან, რესპუბლიკური პარტიის წევრ ხათუნა სამნიძესთან და გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერთან, ზურაბ ჯაფარიძესთან შედგა. მესამე შეხვედრას ფრაქცია „პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები დაესწრნენ.
პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, პირველ შეხვედრაზე PACE-ის მონიტორებს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ სადავო ცვლილებებზე, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებს არ უშვებენ.
ოპოზიციონერ დეპუტატთა მეორე ჯგუფთან შეხვედრაზე კანონმდებლებმა მონიტორებს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ აცნობეს. „წმინდა ნინოს ბავშვთა [სახლი] ეს არის საკითხი, რომელიც პირველი პრობლემა უნდა იყოს დღეს, ყველა პარტნიორთან სასაუბროდ… დღეს ჩვენ გვაქვს პანსიონები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ხათუნა სამნიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრაზე იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების დანიშვნის საკითხი წამოჭრა, „მიუხედავად შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი კონკრეტული შეთანხმებისა“.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრაქცია საქართველოსთვის წევრებთან შეხვედრაზე მხარეებმა სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით რეფორმების გატარებაზე იმსჯელეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)