არასამთავრობოები მთავრობას ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებში დაუყოვნებლივი ჩარევისკენ მოუწოდებენ
კოალიციამ თანასწორობისთვის, რომელიც 11 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 3 ივნისს განაცხადა, რომ საპატრიარქოს კურატორობის ქვეშ მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებული ვითარება „საგანგაშოა“ და „სახელმწიფოს დაუყოვნებლივ, მკაცრ ჩარევას საჭიროებს“, რათა სახალხო დამცველის წარმომადგენელს პანსიონში შესვლის შესაძლებლობა მიეცეს.
არასამთავრობოების თქმით, იმ ფონზე, როდესაც დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელს არ უშვებენ, „შემაშფოთებელია“, რომ პანსიონში ლევან ვასაძის „პრორუსული“ მედია „ალტ ინფო“ და სხვა ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილები და ,,პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე შეუშვეს.
უფლებადამცველებმა ასევე აღნიშნეს, რომ პანსიონში წირვა არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილმა, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან გათავისუფლებულმა ეპისკოპოსმა, სერაფიმე ჯოჯუამ აღავლინა.
არასამთავრობოების გამოხმაურება სახალხო დამცველის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ნინოწმინდის პანსიონში 2016 წლიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის 4 საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მათ შორის არის შესაძლო გაუპატიურების საქმეც. ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებული მდგომარეობის გასაპროტესტებლად გუშინ საღამოს სამოქალაქო მოძრაობებმა „სირცხვილია“ და „დროა“ გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე პროტესტის 9 მონაწილე დააკავეს. შსს-ს განცხადებაზე დაყრდნობით, მედია იტყობინება, რომ ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. „სირცხვილიას“ ცნობით, დაკავებისას მათ ორ აქტივისტს ხელი დაუზიანდა.
ბრალდებები სავარაუდო ძალადობის შესახებ
მედიასთან საუბარში, რამდენიმე პირმა, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელები არიან, პანსიონში მათ მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის ფაქტები გაიხსენეს. ერთ-ერთის მტკიცებით, აღმზრდელები დაწესებულების ბენეფიციარებს ხის ჯოხებითა და სახაზავებით სცემდნენ. მისივე თქმით, დაახლოებით 6-7 წლის აღსაზრდელი ცემაშიც შემოაკვდათ. „შემოვიდა იქ ერთი მანქანა, მაგრამ პოლიცია არ იყო. ამ ბავშვს გადააფარეს რაღაც [ნაჭერი] და წაიყვანეს“, – დასძინა მანვე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ივნისს განაცხადა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ნინოწმინდის პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ შემთხვევებს იძიებენ.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სოციალურ მუშაკს დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობა მიეცა, პანსიონის დატოვებისა და ზრუნვის ფორმის შეცვლის სურვილი ექვსმა ბენეფიციარმა გამოთქვა და ისინი „უკვე გაყვანილნი არიან დაწესებულებიდან“. ამასთან, მუშაობა კვლავ გრძელდება კიდევ 10 ბავშვთან და სხვა ბავშვების შეფასების პროცესიც მიმდინარეობს. მაღლაფერიძის განცხადებით, სპეციალური ჯგუფი ადგილზე იმდენ ხანს იქნება, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ „იქ ყველაფერი არის წყნარად“.
მისივე თქმით, ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელისგან ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ბოლო შეტყობინება მიიღეს 10 დღის წინ.
ასევე წაიკითხეთ:
- ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარეშემო არსებული უთანხმოება გრძელდება
- ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში კვლავ არ შეუშვეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)