ამერიკელი სენატორები რუსული ოკუპაციის, საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის და რეფორმების შესახებ
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 3 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და რობ პორტმანმა რუსულ ოკუპაციაზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და ქვეყნის რეფორმებზე ისაუბრეს.
სენატორმა შაჰინმა, რომელიც სენატორ პორტმანთან ერთად გუშინვე ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზს ესტუმრა, განაცხადა, რომ „რუსეთი ცდილობს, დააშინოს და დაემუქროს იმ ქვეყნებს, რომლებიც ევრო-ატლანტიკურ კურსს ადგანან და დასავლეთისკენ მიისწრაფვიან, რადგანაც ისინი იქ უკეთეს ცხოვრებას ხედავენ, ვიდრე რუსეთს შეუძლია მათ შესთავაზოს“. საქართველოსთან ერთად იგი უკრაინასა და ბელარუსს გულისხმობდა, რომელთაც სენატორები თბილისში ჩამოსვლამდე სტუმრობდნენ.
„გვინდა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმის გაგრძელებასთან ერთად, თქვენი ქვეყნის მოსახლეობის შესაძლებლობებიც გაუმჯობესდება, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი ძლიერი პარტნიორია“, – განაცხადა შაჰინმა.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილა, იყო ადამიანის უფლებათა დაცვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის, საარჩევნო რეფორმის განხორციელების, ასევე 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა.
სენატორის თქმით, ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით დააკვირდება.
„აქ მეგობრების სანახავად ჩამოვედით. აშშ-ს რეგიონში საქართველოზე უკეთესი მოკავშირე არ ჰყავს“, – განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა განაგრძოს საქართველოს ყოველმხრივი მხარდაჭერა, რაც მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველოს დემოკრატიამ განაგრძოს გაძლიერება [და] მისი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესება გაგრძელდეს“.
სენატორმა პორტმანმა განაცხადა, რომ აშშ-ის დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს „ერთი და იგივე შეხედულება აქვთ საქართველოს შესახებ“, რომ „ჩვენ განსაკუთრებული ბმა გვაქვს ქართველ ხალხთან“.
მან განაცხადა, რომ „ახლა ის დროა, როდესაც რუსეთი მეტ ზეწოლას ახორციელებს“ და დასძინა, რომ „რუსეთი კვლავ არღვევს ექვსპუნქტიან გეგმას, რომელსაც ხელი მოაწერა“. სენატორმა ასევე განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ გავლებული მავთულხლართები „იმისათვის არ არის, რომ ქართველები არ შეუშვან, არამედ იმისთვის, რომ ხალხი ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში არ გამოუშვან“.
საქართველოს მიერ რეფორმებთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესახებ საუბრისას, სენატორმა პორტმანმა განაცხადა:
„მხარს ვუჭერთ იმ რეფორმებს, რომლებიც [19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად] უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც მიგვაჩნია, რომ საქართველო არა მხოლოდ უნდა ისწრაფვოდეს დასავლეთისკენ, არამედ მისი ნაწილი უნდა გახდეს“.
„საქართველო იმსახურებს ნატოს გზაზე ყოფნას“, – განაგრძო სენატორმა და დასძინა, რომ ალიანსში გაწევრიანებას „გარკვეული რეფორმების განხორციელება სჭირდება… მათ შორისაა – სამხედრო რეფორმები… ასევე კანონის უზენაესობა და დემოკრატია… გვინდა, რომ საქართველო დასავლეთში ვიხილოთ და ეს ნატოს წევრობასაც მოიცავს“.
შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან
საოკუპაციო ხაზზე სტუმრობის შემდეგ, ამერიკელი სენატორები არასამთავრობო სექტორის, მათ შორის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ სენატორებთან შეხვედრაზე მათ კორუფციის, „სასამართლო კლანის“ და საარჩევნო კანონმდებლობის „არასათანადო განხორციელების“ შესახებ იმსჯელეს. „ძლიერი, რეზონანსული სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის საიმედო ნიშანია“, – დაწერა სენატორმა შაჰინმა Twitter-ზე.
ამერიკელ სენატორებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც უმასპინძლეს. სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ მათ საქართველოს ხელმძღვანელ პირებს ორპარტიული გზავნილი გადასცეს, რომ „აშშ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია“. „ამისათვის კი საჭიროა, რომ ყველა მხარემ შეასრულოს აპრილის შეთანხმება და დათმობაზე წავიდნენ, რათა იმ შედეგებს მიაღწიონ, რომლებიც მათ მოქალაქეებს სურთ“.
Georgia is one of our closest allies in the Caucasus region, and the continued Russian occupation and aggression is deeply concerning. The U.S. stands with #Georgia.
— Rob Portman (@senrobportman) June 3, 2021
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ კუთხით მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობაზე.
ამერიკელი სენატორები პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებსაც შეხვდნენ.
პრესკონფერენციის შემდეგ, სენატორები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ, სადაც მხარეებმა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივები და ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხი განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია; ლელო საქართველოს დეპუტატი ბადრი ჯაფარიძე; სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე; გირჩის დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი; გირჩი-მეტი თავისუფლების დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე; რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე; ევროპელი სოციალისტების დეპუტატი დავით ზილფიმიანი; პარტია საქართველოსთვის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი; დამოუკიდებელი დეპუტატები – ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)