ოპოზიცია თბილისის მერის არჩევნებზე საერთო კანდიდატის წარდგენაზე ფიქრობს
2021 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელმაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედიც უნდა გადაწყვიტოს, ოპოზიციის ლიდერები თბილისის მერობის საერთო კანდიდატის წარდგენის საკითხს განიხილავენ, თუმცა კონსენსუსი ჯერჯერობით მიღწეული არ არის.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიანმ 31 მაისს განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს თბილისის მერის არჩევნებზე საერთო პოზიციის მიღწევა, „გამარჯვების კამპანია და ოპოზიცია ერთმანეთს არ ჭამდეს“, ვინაიდან ამით მხოლოდ მმართველი პარტიის „წისქვილზე დავასხამთ წყალს“. კითხვაზე აპირებს თუ არა იგი მერობაზე კენჭისყრას, მელიამ უპასუხა, რომ მას ეს საკითხი ოპოზიციონერ კოლეგებთან ჯერ არ განუხილავს.
პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების კანდიდატის დასამარცხებლად ოპოზიციის მხრიდან ყველაზე უპრიანი უპარტიო, „მეურნე ადამიანის“ კანდიდატად დასახელება იქნებოდა. მისი თქმით, ასეთი კანდიდატი, შესაძლოა, რომელიმე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი, ან საზღვარგარეთ მომუშავე წარმატებული ქართველიც იყოს. მისივე თქმით, უპარტიო კანდიდატი ოპოზიციური ძალების მიერ ერთობლივად შემუშავებული საარჩევნო პროგრამის განხორციელებაზე იმუშავებდა.
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეს „საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა და მისი განხილვა მინიმუმ ღირს“. ამასთან, ჯაფარიძის თქმით, მისი თანაპარტიელები ფიქრობენ, რომ „გირჩს“ საკუთარი კამპანია უნდა ჰქონდეს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ანა დოლიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკური პარტია „ხალხისთვის“ დააარსა, ხაზარაძის ინიციატივა გააკრიტიკა. დოლიძემ აღნიშნა, რომ „დიდი ბიზნესის წარმომადგენელი“, რომელსაც მხოლოდ საკუთარ მოგებაზე უმუშავია, მერის თანამდებობისთვის შეუფერებელი იქნება. მისივე თქმით, „ანომალიურია“, რომ პირდაპირ არჩეულ პირს, როგორიც თბილისის მერია, პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდეს.
ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ შეჯერებული კანდიდატის დასახელება მერის არჩევნებზე „არის ერთადერთი გზა“. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლონ დემონსტრირება მოქალაქეების წინაშე, რომ განსხვავების მიუხედავად მზად არიან გონივრული შეთანხმებებისთვის, რათა ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს“, – დასძინა ბოკერიამ.
ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი. მოქმედ მერს, კახა კალაძეს, რომელიც 2017 წელს აირჩიეს, საკუთარი კანდიდატურის წარდგენის თაობაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
წლევანდელი ადგილობრივი არჩევნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედსაც გადაწყვეტს, რასაც ოპოზიცია უკვე დიდი ხანია ითხოვს. ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება ადგილობრივ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)