გაზ. „ახალი სხივი“: გარდაცვლილ გენერალ ახმეტელაშვილის თანამებრძოლები კვლავ რიაზანის საყრობილეში არიან გამომწყდეული
გაზ. ახალი სხივი, 1921 წლის 26 ივნისი, N11
სტეფანე ახმეტელაშვილი
ერთი თავდადებული მებრძოლი კიდევ გამოესალმა წუთი სოფელს.
ქალაქ რიაზანში საშინელ მდგომარეობაში გარდაიცვალა გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი, რომელიც მუდამ მზათ იყო ბრძოლის ველზე გმირულად მომკვდარიყო სამშობლოსა და მშრომელი ხალხისათვის.
არც ერთი და არც მეორე მას არ დაივიწყებს! მომავალი ისტორიკოსი დააფასებს მის ღვაწლს.
მან, შეუპოვარმა, მამაცმა ნამდვილმა დემოკრატმა მამულიშვილმა, გულადმა კახელმა განუტევა სული.
მერე რისთვის?
რას ნიშნავს დღეს ქართველი მეომრების ტყვეობა ქ. რიაზანში? ომი გათავდა უნდა მოისპოს მისი შედეგებიც: ქართველი მეომრები უნდა თავის სამშობლოს დაუბრუნდეს რომელსაც ისინი სისხლით იცავდენ.
სტეფანე კი შეიქმნა მსხვერპლი.
ორი თვეა ჩვენ ვხედავთ რუსთველის პროსპეკტზე გამოკიდებულ ორ ბოლშევიკის გვამის სურათს ცეცხლისგან დამახინჯებულს.
ყოველ იქ გავლის დროს ჩვენ კრულვას ვუგზავნით მას, ვინც ეს ბარბაროსობა მოიმოქმედა.
მაგრამ რა არის სტეფანეს შორს, უცხოეთში საშინელ პირობებში სიცოცხლის მოწყვეტა!
განა საშინელება არ არის ქართველი მხედრობის და პოლიტიკური მოღვაწეების, გათავებულ ომის შემდეგ რიაზანში შიმშილობა, დამცირება და ამგვარად ნელ-ნელი სიკვდილი!
ჩვენ არ გამოვაფენთ მათ სურათებს რუსთაველის პროსპეკტზე, მაგრამ სურათებს სამშობლოს და მშრომელი ხალხისათვის თავდადებულებისას ჩვენ ვატარებთ გულში და ჩვენს მეხსიერებაში და გადავსცემთ შთამომავლობას მათ ვინაობას და ანდერძს: მშრომელი ხალხის და სამშობლოს პირნათლათ მსახურს.
[აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება გაზეთი “ახალი სხივი” კვლავ დახურა. ამასთანავე, დააკავეს ახალ სხიველთა ლიდერები მუხრნა ხოჭოლავა, კირილე ნინიძე და ნიკიფორე იმნაიშვილი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].