სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 5 ივნისს გამოქვეყნებული დროებითი განჩინებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონს დატოვებენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში იყო და ამიტომ პანსიონიდან მათ სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანას, ასევე მათთვის მინდობით აღზრდას ან ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრაციას ითხოვდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დროებითი განჩინება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ეხებათ, ვინაიდან ორგანიზაცია „პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ უფლებამოსილია მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სახელით წარადგინოს შუამდგომლობა. მიუხედავად ამისა, განჩინებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მზრუნველობის სააგენტოს, რომელიც სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებებში ბავშვთა დაცვაზეა პასუხისმგებელი, შეუძლია სასამართლოს სხვა ბავშვების გაყვანის შუამდგომლობითაც მიმართოს.
უცნობია, რამდენი ბავშვი დატოვებს ნინოწმინდის პანსიონს. ასევე უცნობია, რამდენი ბავშვი ცხოვრობს ამჟამად პანსიონში. საქართველოს სახალხო დამცველისა და პანსიონის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ეპისკოპოს სპირიდონის ინფორმაციით, ამჟამად მათი რაოდენობა 50-დან 150-მდე მერყეობს.
იმავდროულად, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ 4 ივნისს განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესვლისა და თავისი საქმიანობა განხორციელების შესაძლებლობა მიეცა, დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანმა გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს განცხადებას Facebook-ით ეპისკოპოს სპირიდონის ე.წ. „ლაივ-ჩართვა“ მოჰყვა, სადაც ჩანს, როგორ ურეკავს იგი ბავშვების ნათესავებს და სთხოვს მათ დაუდასტურონ, რომ მათ სახელმწიფოს მიერ პანსიონიდან ბავშვების გაყვანა არ სურთ. კადრებში ასევე ჩანან იქვე მყოფი სოციალური მუშაკები.
ეპისკოპოსის ვიდეოები ორგანიზაციამ „პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოს მტკიცებულების სახით წარუდგინა იმის დასამტკიცებლად, რომ პანსიონში ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანა არგანაშვილმა განაცხადა, რომ მართალია, სასამართლომ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, სასამართლოს განჩინება იმას გულისხმობს, რომ საფრთხე პანსიონის ყველა ბავშვს ემუქრება.
სხვა მოვლენები
5 ივნისს პანსიონს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები და ქართული ოცნების დეპუტატები ესტუმრნენ. საქართველოს სახალხო დამცველს დაწესებულებაში შესვლისა და მონიტორინგის შესაძლებლობა კვლავ არ აქვს.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელმა, ელენე მარტაშვილმა განაცხადა, რომ სოციალური მუშაკები დარჩებიან პანსიონში, რათა ყველა ბავშვის საჭიროება შეისწავლონ, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
„მთავარი არის ორი რამ – ამ დაწესებულებაში მყოფი ბავშვების უფლებები იყოს დაცული და მეორე, საზოგადოებაში არ არსებობდეს ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უფლებები არის დაცული. ეს ორი საკითხი დღეს არის სრულად გარანტირებული“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მონიტორინგის განხორციელება სახალხო დამცველის „კანონიერი კომპეტენციაა“ და „ესეც იქნება, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი“.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას საქართველოს საპატრიარქოს გაღიზიანება არ სურს და უმოქმედოდ ამიტომაა, რის გამოც ბოლო დღეებში მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არ სურს საპატრიარქოსთან ურთიერთობების გაფუჭება და რომ ხისტი განცხადებები გამოსავალი არ არის. მისივე თქმით, როგორც ბავშვთა უფლებები, ისე ეკლესია „მგრძნობიარე“ საკითხებია.
ასევე წაიკითხეთ:
- არასამთავრობოები მთავრობას ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებში დაუყოვნებლივი ჩარევისკენ მოუწოდებენ
- ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარეშემო არსებული უთანხმოება გრძელდება
- ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში კვლავ არ შეუშვეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)