„ენმ-ძალა ერთობაშიას“ დეპუტატებმა პარლამენტში ფრაქცია შექმნეს

საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების შემდეგ, საარჩევნო ბლოკ „ენმ-ძალა ერთობაშიას“ დეპუტატებმა 7 ივნისს პარლამენტში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ფრაქცია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ შექმნეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 32 წევრიან ფრაქციას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი – ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილეები კი – ენმ-ის დეპუტატები ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ბოტკოველი, ასევე საარჩევნო ბლოკ „ენმ-ძალა ერთობაშიას“ წევრი ნატო ჩხეიძე (სახელმწიფო ხალხისთვის) იქნებიან.

ფრაქციას არ შეუერთდა რესპუბლიკური პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრი თამარ კორძაია, რომელიც პარლამენტში საარჩევნო ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას სიით შევიდა. კორძაიამ რესპუბლიკელები 3 ივნისს დატოვა და საკანონმდებლო საქმიანობას დამოუკიდებელი, უფრაქციო დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

ნაციონალურმა მოძრაობამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჯამში 36 მანდატი მოიპოვა. თუმცა, ორმა დეპუტატმა – პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ და სალომე სამადაშვილმა ენმ დატოვეს და საკანონმდებლო საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით აგრძელებენ. მათგან პირველი ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში“ გაწევრიანდა, მეორე კი – ფრაქცია „პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი გახდა. ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს“ შეუერთდა რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძეც, რომელიც პარლამენტში ასევე საარჩევნო ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას სიით მოხვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)