კვლევა: პარტიებმა ქცევის კოდექსი არაფრად ჩააგდეს
გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიებმა უცხოელი პარტნიორების შუამავლობით ქცევის კოდექსი მიიღეს, მაგრამ არჩევნების წინა ათ დღეში სამასჯერ დაარღვიეს.
საიდან გავიგეთ?
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს თურმე 20-30 ოქტომბრის განმავლობაში ყველა ძირითადი სატელევიზიო თოქ-შოუ უნახავს, ნათქვამი შეუფასებია, პარტიებთანაც უსაუბრია და ექსპერტებთანაც.
ფრიად საინტერესო კვლევა სრულად ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ
რა გაირკვა?
- პარტიები საქმეზე და პროგრამაზე არ საუბრობდნენ: განცხადებების ნახევარზე მეტი პროგრამას და გადაწყვეტილებებს საერთოდ არ ეხება, მესამედი მეტნაკლებად ეხება, საქმეზე კი 10-15% იყო ნათქვამი.
- მოწინავე პარტიები ნაკლებად საუბრობდნენ საქმეზე: ქართული ოცნების განცხადებების 65, ხოლო ნაციონალური მოძრაობის 68% განცხადებები მათ პროგრამას საერთოდ არ ეხებოდა.
- საქმეზე მეტად მოსაუბრე პარტიები შედეგით ვერ დაიკვეხნიან – თავის პროგრამაზე სხვებზე მეტს ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და ევროპული საქართველო საუბრობდნენ.
- პარტიების ლიდერები სხვა წევრებზე ხშირად ლანძღავდნენ მოწინააღმდეგეებს და არღვევდნენ კოდექსს.
კიდევ რაო?
შეურაცხყოფა, ცილისწამება და ლანძღვა რომ ხშირია, კვლევის გარეშეც ვიცით და ამ დაკვირვებითაც დადასტურებულა.
- ლანძღვითა და დაუსაბუთებელი ბრალდებების რიცხვით პირველ ადგილზე ევროპული საქართველო გასულა, მეორეზე ნაციონალური მოძრაობა, ხოლო მესამეზე – ქართული ოცნება.
- ლანძღვა და შეურაცხყოფა ყველაზე მეტი ქართულ ოცნებას რგებია, თუმცა ის ერთი იყო და ოპოზიციური პარტიები – ბევრი. ლაფის სროლა ორმხრივი იყო და ამ საქმეში ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ლიდერობდნენ.
გვეშველება რამე?
მკვლევარები ამბობენ, კოდექსის მიღება მაინც ღირდა, რათა მისი შეფასება შესაძლებელი გამხდარიყოო. თუკი საქმეს სერიოზულად მიუდგებიან, პარტიებმა კოდექსით აღებული ვალდებულებები უკეთ უნდა გააცნონ თავის წევრებს და, რაც მთავარია, საკუთარი ლიდერები დაარწმუნონ, რომ უფრო ზრდილობიანად მოიქცნენო. თუმცაღა, არც მედიას და მოქალაქეებს ეხსნება პასუხისმგებლობა: თუკი მოჩხუბარ ლიდერებს უფრო ვაძლევთ ხმას, ვიდრე საქმიანებს, ვერანაირი კოდექსი საქმეს ვერ უშველის.
This post is also available in: English (ინგლისური)