ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის, ასევე ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რიკევიჩსმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ქვეყანაში განხორცილებული რეფორმები, ასევე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთების საკითხი განიხილეს.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ „მძიმე“ ჰუმანიტარულ ვითარებაზეც იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც „მას არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობას მისცემს“.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზიტის შემაჯამებელ რელიზში ნათქვამია, რომ მინისტრმა რინკევიჩსმა ხაზი გაუსვა თავისი ქვეყნის „მტკიცე მხარდაჭერას“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ აღებული კურსის მიმართ.
ამავე განცხადებით, ლატვიის საგარეო საქმეთა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ისწრაფვის საქართველოსთან თანამშრომლობისთვის ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მწვანე ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. „2021 წლის აპრილში ლატვიის ეროვნული ავიახაზების AirBaltic-ის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობის კიდევ ერთი ფაქტორია“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულ რომელ ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა რინკევიჩსი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 7 ივნისს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას. რინკევიჩსმა საქართველო 8 ივნისს დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
- ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა
- ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)