ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულთა ნაწილი ხელწერილით გაათავისუფლეს
ოკუპირებულ ცხინვალში 28 წლის პატიმრის, ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე ბრალდებული ოთხი სამართალდამცველი წინასწარი პატიმრობიდან ხელწერილით გაათავისუფლეს. ორი კვლავ პატიმრობაში რჩება.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ 7 ივნისს ცხინვალის „პროკურატურაზე“ დაყრდნობით განაცხადა, რომ განმეორებითი სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიღების შემდეგ დაკავებულთა საქმეები „საშუალო სიმძიმის“ დანაშაულად გადაკვალიფიცირდა. უწყებამ განმარტა, რომ ხელწერილით გაშვება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას არ გულისხმობს.
გათავისუფლებამდე დაკავებულებმა, რომლებიც ბრალდებებს უარყოფდნენ, მაისსა და ივნისის დასაწყისში ორჯერ შიმშილობა გამოაცხადეს.
ოკუპირებული რეგიონის „შინაგან საქმეთა მინისტრის“, იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული 28 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე გასული წლის აგვისტოს ბოლოს სულ შვიდი მილიციელი დააკავეს.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
5 ივნისს, ცხინვალის „პროკურატურამ“ ადგილობრივი სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, ზარინა ძაგოევას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ექსპერტის წინასწარი დასკვნის თანახმად, რომელიც 2020 წლის 30 აგვისტოთია დათარიღებული, ჯაბიევი 28 აგვისტოს გულის შეტევით გარდაიცვალა, რაც მიღებული დაზიანების შედეგად განუვითარდა. „პროკურატურა“ აცხადებს, რომ ძაგოევამ მონაცემები განზრახ გააყალბა.
„პროკურატურის“ დაკვეთით ჩატარებულმა კიდევ ორმა ექსპერტიზამ განსხვავებული შედეგები აჩვენა. მეორე ექსპერტიზამ, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექსპერტებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ პატიმარი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მას მეტადონით მკურნალობა შეუჩერეს. შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად ჩატარებული მესამე ექსპერტიზის პასუხიც მეორეს დაემთხვა.
მანამდე, ცხინვალის „პროკურატურამ“ განაცხადა, რომ ძაგოევას ექსპერტიზის შედეგებზე წინასაგამოძიებო შემოწმებას ატარებს მას შემდეგ, რაც უწყებას დაკავებულებმა მიმართეს და ეჭვი გამოთქვეს, რომ მონაცემების გაყალბების მიზნით, ერთ-ერთი პროკურორის მხრიდან ძაგოევაზე ზეწოლა განხორციელდა.
ძაგოევა ბრალდებებს უარყოფს. 8 ივნისს მან ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტს“ დახმარებისთვის მიმართა და განაცხადა, რომ გამოძიების მხრიდან ზეწოლას განიცდის. „მინდა, რომ კანონის ფარგლებში დამიცვათ“, – მიმართა მან „დეპუტატებს“.
წინაისტორია
28 აგვისტოს, ოკუპირებული ცხინვალის „შს მინისტრის“, იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ჯაბიევის გარდაცვალებას, რეგიონის მკვიდრთა პროტესტი მოჰყვა. პროტესტის საპასუხოდ, რეგიონის „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა „მთავრობის“ სრული შემადგენლობა დაითხოვა და ყველა დამნაშავის დასჯის პირობა დადო. ბიბილოვის გადაწყვეტილებას წინ რეგიონის „პრემიერ-მინისტრის“, ერიკ ფუხაევის გადადგომა უძღვოდა.
2020 წლის სექტემბერში ოპოზიციონერმა „დეპუტატებმა“ მანდატები შეიჩერეს და უარი თქვეს მუშაობის განახლებაზე, სანამ ოკუპირებული ცხინვალის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი „გენერალური პროკურორის“ ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენების შესახებ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა და ინალ ჯაბიევის, სავარაუდოდ, წამებით გარდაცვალების საქმეზე გამოძიება არ დაიწყებოდა. ცხინვალის ლიდერმა ჯაგაევის გათავისუფლებაზე უარი თქვა. ამ უკანასკნელმა პოსტი აპრილში, ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- ცხინვალის რეგიონს ახალი „პრემიერ-მინისტრი“ ჰყავს
- ბიბილოვის მოსკოვში ვიზიტის ფონზე ცხინვალში კრიზისი გრძელდება
- ცხინვალში ინალ ჯაბიევის ძმა დააპატიმრეს
- შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჯაბიევის გარდაცვალებას ეხმიანება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)