ნიდერლანდები ჯერაც უმთავრობოდაა
რაო?
ნიდერლანდებში გამართული საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის სამი თვე გავიდა, მაგრამ მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტტე ჯერ კიდევ ვერ აყალიბებს მთავრობას. მისი კაბინეტი უკვე ლამის ნახევარი წელია გარდამავალი სტატუსით მუშაობს.
როგორ დაემართათ ეს ამბავი?
იანვარში რუტტესვე მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა, როცა საპარლამენტო გამოძიებით გაირკვა, რომ წლების მანძილზე, საგადასახადო სამსახურმა, ათასობით ოჯახს შეცდომით შეუწყვიტა ბავშვთა შემწეობები.
…და ამის მერე კიდევ რუტტე აირჩიეს?
მარკ რუტტეს ზრდილობიანი მიხვრა-მოხვრის და ღიმილიანი სახის მიღმა გამობრძმედილი პოლიტიკოსის მოქნილობა და შეუბრალებელი მიზანსწრაფულობაა. მან თავისი პარტია გამარჯვებამდე ზედიზედ მეოთხედ მიიყვანა და იმედი აქვს, რომ მთავრობასაც თვითონვე შეკრავს. ხალხი პანდემიასთან ბრძოლას წარმატებად უთვლის და, ჩანს, ჰოლანდიელებს ამ რთულ დროში შეჩვეული სახე ურჩევნიათ არეულობას.
რატომ არ დაადგა კოალიციას საშველი?
გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც: რუტტეს პარტიას (VVD) 150 მანდატიან პარლამენტში სულ რაღაც 34 მანდატი აქვს, ანუ 76 კაციან უმრავლესობამდე 42 დეპუტატია აკლია, ეს კი რთულ მოლაპარაკებებს მოასწავებს. მეორეადგილოსანი მემარცხენე დემოკრატიული პარტია (D66) და ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია (CDA), თავიანთი 24 და 15 მანდატით კი არიან ყაბულს, მაგრამ მათი ხმები საკმარისი არაა. კიდევ ერთი პოლიტიკური ძალის გადმობირებაა საჭირო. რუტტეს გული ლეიბორისტებისკენ მიუწევს, მაგრამ საქმე გართულდა.
ლეიბორისტებს რაღა უნდათ?
ლეიბორისტების და მწვანეებს ერთმანეთისთვის წინასაარჩევნოდ სიტყვა მიუციათ: კოალიციურ გუნდში ცალ-ცალკე არ შევალთო. რუტტეს პარტია ცენტრისტულ D66-ს ძლივს ინელებს და ამდენი მემარცხენე ებევრათ. D66-ის ქარიზმატულმა ლიდერმა, ქალბატონმა სიგრიდ კაახმა უპასუხა, არც ჩვენ მოგვწონს ფრიად მემარჯვენე ქრისტიანული კავშირის (CU) წევრები რომ გვყავს მოქმედ მთავრობაშიო.
აწი რა მოხდება?
მოკლედ, მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებების მედიატორს, მარიეტ ჰამერს 6 ივნისს უნდა წარედგინა პალატის სპიკერისთვიდ მთავრობის შემადგენლობის პირველადი ვერსია, მაგრამ ორი დღით ადრე, ამ ვადის განუსაზღვრელად გადადება მოითხოვა. ყოფილა შემთხვევები, როცა ნიდერლანდებში მთავრობის შესაქმნელად ნახევარ წელზე მეტიც კი დასჭირვებიათ. თუმცა, მათთვის საბედნიეროდ, ძალაუფლების გადაბარება არასდროს კვეთს საგანგაშო ნიშნულს.