გიორგი გახარია გადადგომის დეტალებზე, ბიძინა ივანიშვილსა და გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს
ახალი პოლიტიკური პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 8 ივნისს „ტელეკომპანია პირველთან“ ვრცელ ინტერვიუში მმართველ პარტიაში არსებული მდგომარეობაზე, სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის დეტალებზე, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობებსა და მთავრობაში მისი ყოფნის დროს გახმაურებულ საქმეებზე ისაუბრა.
- ირაკლი კობახიძე ენმ-ისა და გახარიას მიერ სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბრობს
- ივანიშვილის თქმით, გახარიამ გადადგომით გუნდსა და სახელმწიფოს უღალატა
ქართულ ოცნებაში არსებული მდგომარეობა
მმართველ პარტიაში ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრისას, გახარიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნების ლიდერებმა „საკუთარი თავი ამოწურეს“ და ახლა პარტია ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. მისივე განცხადებით, ეს შიდა დემოკრატიულობის შეზღუდვასა და განსხვავებული აზრის მიმართ არატოლერანტულ დამოკიდებულებაში გამოიხატება.
გახარიას თქმით, ქართულ ოცნებას „არალეგიტიმურობის“ შეგრძნება აქვს, რომელიც მაშინაც ვერ მოგვარდება, თუ პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%-ის ან მეტის მიღებით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავიდან აიცილებს. გახარიამ აღნიშნა, რომ პარტიამ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული 48%-იც კი ვერ დაიცვა.
მან გადატრიალების თაობაზე კობახიძის ბრალდებებს „შეშინებული კაცის ბოდვა“ უწოდა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებებზე გამოძიების დაწყების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას არ ელოდება და დასძინა, რომ ამ ბრალდებების გაჟღერების შემდეგ, ქართული ოცნების ხელმძღვანელობა შეშინდა და უკან დაიხია.
„უხილავი ხელი“
18 თებერვალს მის გადადგომამდე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, გახარიამ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქართული ოცნების ხელმძღვანელობიდან „ვიღაც ადამიანს“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე დაგეგმილი სპეცოპერაციაზე, რომლის გადადებაც მას სურდა.
„ჩემი, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაში, პარტიიდან, ვიღაცა ადამიანი, რომელიც ამას ცხოვრებაში ვერასდროს ვერ გაბედავდა, რაღაცა ინსტრუმენტებით ერეოდა“, – განაცხადა მან.
გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მან ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევა ითხოვა, რათა დაგეგმილი საპოლიციო ოპერაციის წინააღმდეგ პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა მას უარი უთხრეს. „დავინახე, რომ კომპრომისების რესურსი ამოწურული იყო“, – განაცხადა მან.
აღნიშნა რა, რომ კობახიძე მის მინისტრებზე გავლენას ვერ მოახდენდა, გახარიამ განაცხადა, რომ ის ამაოდ შეეცადა ქართული ოცნების დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას, რათა გაერკვია, რატომ ერეოდნენ პარტიის წარმომადგენლები მის უფლებამოსილებაში.
გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ გადადგომის შესახებ მას შემდეგ განცხადა, რაც ივანიშვილმა მის ზარს არ უპასუხა. მისი თქმით, ის, რომ კითხვაზე პასუხის ვერ მიიღო, მისთვის თავისთავად უკვე პასუხი იყო.
20 ივნისი და ივანიშვილი
კითხვაზე მონაწილეობდა თუ არა ივანიშვილი 2019 წლის 20 ივნისის დარბევის ბრძანების გაცემაში, გახარიამ, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, განაცხადა, რომ მაშინდელი მმართველი პარტიის თავმჯდომარე მის კომპეტენციაში არ ერეოდა.
ამ კონტექსტში, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრის პოსტებზე მუშაობის დროს ვერცერთ შემთხვევას ვერ გაიხსენებს, როდესაც პარტიის ლიდერი მის საქმეში ჩარეულა.
„მე თავისუფლების ეს ხარისხი ყოველთვის მქონდა და მე ვიცი, რომ ივანიშვილიც ამ ხარისხს აფასებდა“, – განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ივანიშვილი „აიძულეს“, 7 ივნისს წერილი გამოექვეყნებინა, სადაც მან გახარია ღალატში დაადანაშაულა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილს არ „აღმერთებდა“, თუმცა მას პატივს სცემდა.
„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, ამ ამნისტიაში მოხვდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, არ შეიძლება ეს ამნისტია შემეხოს მე და არც იმ ხალხს, რომელიც ამ შტურმის ორგანიზატორები იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეეხოს რიგით პოლიციელსაც და იმ ადამიანს, რომელიც იყო დასჯილი. ამ თემით სპეკულირება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა გახარიამ 19 აპრილის შეთანხმების ამნისტიის პუნქტზე საუბრისას.
წარსული უთანხმოებები
პრემიერ-მინისტრობის პერიოდზე საუბრისას, გახარიამ განაცხადა, რომ მან განცხადებებისას ორჯერ გადააჭარბა. პირველი, როდესაც ნაციონალური მოძრაობას უთხრა – „მე თქვენ დაგასრულებთ“ და მეორედ, როდესაც პანდემიის დროს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას, თქვა რომ „რა კორუფცია ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში… რა კორუფცია?!“.
გახარიას თქმით, ის ნანობს, რომ 2017 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს, პოლიციამ პოეტ ზვიად რატიანის დაკავების კადრები გაავრცელა. მისივე თქმით, „არაეთიკური“ იყო ვიდეოს მედიისთვის გადაცემა და ამაზე პასუხისმგებლობას იღებს.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეზეც ისაუბრა და პოლიტიკური ზეწოლის შესახებ ბრალდებები უარყო. მან აღნიშნა, რომ გამოძიებამ სავარაუდო ზეწოლასა და კერზაიას გარდაცვალებას შორის რაიმე კავშირი ვერ აღმოაჩინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას საქმეზე საუბრისას, რომელიც 2017 წელს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ სცემა, გახარიამ აღნიშნა: „მე არ მითქვამს, რომ ჩვენ იდეალურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ“. მისი თქმით, „სამწუხაროდ, ჩვენ, დღეს, სახელმწიფო, როგორც ასეთი, ძლიერი ინსტიტუტებით, არ გვაქვს“.
„მე, თქვენ, ჩვენი თაობის და ჩვენზე უფროსი ბევრი თაობის ხალხი, 30 წელია ამ ქვეყნიდან ვცდილობთ, რომ სახელმწიფო ავაშენოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგვდის და არ გამოგვდის იმიტომ, რომ ყველა ახალი მთავრობა ცდილობს, თავისი თავი დაიმკვიდროს წინა მთავრობის ნგრევით და მისი კრიტიკით“, – განაცხადა გახარიამ.
„ჩვენ არ გვყავდა არცერთი მმართველი, რომელმაც შეძლო თავისი პერსონალური ძალაუფლება გადაენაწილებინა ინსტიტუტების სიძლიერეზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმაც“.
სხვა საკითხები
გახარია ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც შეეხო და განაცხადა, რომ რიონის ხეობის მცველების მხარდაჭერის გარეშე ეს პროექტი ვერ განხორეციელდება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკას ჰესი სჭირდება, „თუ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, იმიტომ, რომ ეს სიტუაცია ასე გამწვავდა, პირადად არ ჩაერთვებიან ამაში და პირადად ამ ადამიანებს არ დაელაპარაკებიან, არ გამოვა ეს საქმე“.
ახლადდაფუძნებული პარტიის დაფინანსებაზე საუბრისას, გახარიამ განაცხადა, რომ პარტია მისი და პარტიის წევრთა პირადი დანაზოგებით ფინანსდება. მან იქვე აღნიშნა, რომ დაფინანსების „აბსოლუტურად ინოვაციური“ და გამჭვირვალე მექანიზმები ექნებათ.
გახარიამ ნაწილობრივ დაადასტურა ხმები, რომ ივანიშვილის მაშინდელი მრჩეველი გია ხუხაშვილი 2013 წელს გახარიას ქართულ ოცნებაში გაწევრიანებაში დაეხმარა. მისი თქმით, მამამისმა მისი ბიოგრაფია, ე.წ. CV ხუხაშვილს გადასცა, რომელმაც შემდეგ დოკუმენტი ივანიშვილს გადასცა. გახარიამ განაცხადა, რომ ამის შემდეგ ის გასაუბრებაზე დაიბარეს, რის შემდეგაც ბიზნესომბუდსმენად დანიშნეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)