ცხინვალს ახალი „გენერალური პროკურორი“ ჰყავს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პარლამენტმა“ დღეს მაგომედ ბაგაევი ახალ „გენერალურ პროკურორად“ დაამტკიცა.
ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ბაგაევი პოსტზე 11 მაისს მას შემდეგ წარადგინა, რაც „დეპუტატებმა“ 13 აპრილს წინა კანდიდატი ერთხმად ჩააგდეს, რუსი პროკურორი ვიტალი სავჩენკო. „კანონმდებლებმა“ საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ რეგიონში პოსტისთვის შესაფესირი საკმარისი ადგილობრივი სპეციალისტები იყვნენ იმისათვის, რომ კანდიდატი უცხოეთიდან არ მოეწვიათ.
ხუთწლიანი ვადით დამტკიცებული ბაგაევი მანამდე „გენპროკურორის მოადგილე“ იყო და ბოლო 18 წლის განმავლობაში იმავე სტრუქტურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. „მე მუდმივად აქ ვიყავი, ყველა მიცნობს“, – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ბაგაევის სიტყვებზე დაყრდნობით.
წინა „გენერალურმა პროკურორმა“ ურუზმაგ ჯაგაევმა თანამდებობა აპრილში, ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. ჯაგაევის გადადგომის მოთხოვნით ცხინვალში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა მას შემდეგ, რაც ცხინვალის ციხეში 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ახალგაზრდა პატიმარი ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, წამების შედეგად გარდაიცვალა. ბიბილოვის უარს ჯაგაევის გათავისუფლებაზე ცხინვალში რამდენიმეთვიანი საკანონმდებლო კრიზისი მოჰყვა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა „დეპუტატებმა“ ბოიკოტი გამოაცხადეს და ადგილებს მხოლოდ 2021 წლის მარტში, რუსეთის ჩარევის შემდეგ დაუბრუნდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- ცხინვალის რეგიონს ახალი „პრემიერ-მინისტრი“ ჰყავს
- ცხინვალში ინალ ჯაბიევის ძმა დააპატიმრეს
- ბიბილოვის მოსკოვში ვიზიტის ფონზე ცხინვალში კრიზისი გრძელდება
- ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის „მთავრობა“ დაითხოვა
- შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჯაბიევის გარდაცვალებას ეხმიანება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)