„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: ოფშორული კომპანიების მფლობელობა ქვეყანაში ელიტურ კორუფციას ახალისებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 10 ივნისს გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა ქვეყანაში „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური მფლობელების რეესტრის შექმნაზე საქართველოს მთავრობას ნაბიჯები არ გადაუდგამს, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის მაისში ლონდონში გამართულ ანტიკორუფციულ სამიტზე ამის პირობა დადო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ ოფშორული კომპანიების მფლობელობა ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, რომ ბიზნესში საკუთარი წილები არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლით შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. ორგანიზაციისვე თქმით, ოფშორული კომპანიების მფლობელობა ოფიციალური პირების მფლობელობაში არსებულ კომპანიებს ასევე აძლევს საშუალებას, რომ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში, პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში.
კვლევის თანახმად, 2012-2020 წლებში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 784-მა ისეთმა კომპანიამ შემოიტანა, რომლის სრული ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორულ ქვეყანაში ან ოფშორული ტერიტორიის მქონე ქვეყანაშია რეგისტრირებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო და ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება დაახლოებით 77 მლნ ლარს შეადგენს.
ორგანიზაციის განცხადებით, ერთ-ერთი აუქციონის დროს, შპს „აბასთუმანი 2019“-მა ქალაქ აბასთუმანში სამი სახელმწიფო აქტივი შეიძინა. კომპანიის მფლობელი პანამაში რეგისტრირებული Limestone Finance International-ია და ის, სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.
საერთო ჯამში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ათი კომპანია გამოავლინა, რომლებიც სხვადასხვა ოფშორულ ზონებში არიან დარეგისტრირებულნი, მათ შორის, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამასა და ბელიზში.
2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია. ორგანიზაციის თქმით, დღეისათვის საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3 200-მდე ისეთი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი, სავარაუდოდ, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.
ამ კომპანიებს შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ქვეყანაში მოქმედი უმსხვილესი კომპანიები დაასახელა, მათ შორის, შპს „თბილისი ენერჯი“, „ბილაინი“, „ბორჯომი“, „სუფთა სახლი“, „ჯი-ემ-თი სასტუმროები“, შპს „ჯეოსთილი“, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“, „რუსთავის ავტობაზრობა“ და სხვ.
ასევე წაიკითხეთ:
- პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 28.3%-ით შემცირდა
- საქსტატი: 2020 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 52.9%-ით შემცირდა
- საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)