საქართველომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან 483 მლნ ევროს შეთანხმებას მოაწერა ხელი
საქართველომ და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 10 ივნისს, თბილისში, 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამის შესახებ პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც 2024 წლისთვის საქართველოსთვის 483 მლნ ევროს მოცულობის გრანტებისა და სესხების, ასევე ტექნიკურ დახმარების მობილიზებას ითვალისწინებს.
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ცნობით, ინვესტიცია შემდეგ ოთხ მთავარ სექტორზე მიემართება: წყლის რესურსების მართვა, ირიგაცია, სოფლის მეურნეობა; ურბანული განვითარება და სატრანსპორტო კავშირები; ენერგეტიკა; სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა.
ხელშეკრულებას საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის ბატონი დიეგო კოლასის თანდასწრებით ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა სესილ კუპრიმ მოაწერეს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 33 მლნ ევროს საქართველოს გრანტის სახით მიიღებს. „მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს გახსნა რეგიონული ოფისი, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა“, – დასძინა მანვე.
„[შეთანხმება] გამოხატავს ჩვენს სურვილს, შევქმნათ სანდო და გრძელვადიანი პარტნიორობა ქვეყანაში სამართლიანი და სტაბილური განვითარების მხარდასაჭერად“, – თქვა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)