PACE-ის თანამომხსენებლები 19 აპრილის შეთანხმებაზე, სასამართლო სისტემის რეფორმასა და თვითმმართველობის არჩევნებზე
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრები – ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) მიესალმნენ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერას და მოუწოდეს დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს „დაუყონებლივ“ მოაწერონ ხელი დოკუმენტს და მისი განხორციელებისკენ მიმართულ ძალისხმევას შეუერთდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი მთავარი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც შეთანხმების ხელმოწერისგან თავს იკავებს.
„საქართველო გზაჯვარედინზე დგას“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ „ეროვნული ინტერესი და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროექტი საკუთარი პარტიებისა და პიროვნებების ინტერესებსა და სტრატეგიებზე მაღლა დააყენონ“.
„სრულად და კეთილსინდისიერად განხორციელების შემთხვევაში, ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის საქმეში“, – ნათქვამია თანამომხსენებლების 8 ივნისის განცხადებაში.
თანამომხსენებლებმა სასამართლო სისტემის რეფორმირების კონტექსტში ვენეციის კომისიის დარჩენილი რეკომენდაციების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ამ კუთხით იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე გაამახვილეს ყურადღება, რომლის „ფუნქციონირება და საზოგადოებრივი ნდობის დაბალი დონე ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს“.
თანამომხსენებლებმა მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ინკლუზიური, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის ფარგლებში აირჩიონ.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას, თანამომხსენებლები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ „ვენეციის კომისიის მიერ შერჩევის პროცესთან დაკავშირებით მიცემული პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია მიღებულია“, თუმცა სინანული გამოთქვეს, რომ შერჩევის პროცესი მანამდე დაიწყო, სანამ პარლამენტი ზემოთხსენებულ ცვლილებებს მიიღებდა.
განცხადების თანახმად, ახლა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ხარისხიანი პროცესი უნდა უზრუნველყოს. „კანდიდატები ფართო კონსენსუსის გზით უნდა შეირჩნენ და ისინი სრული ნდობით უნდა სარგებლობდნენ. ეს მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის“, – აღნიშნეს თანამომხსენებლებმა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახლახან მიღებულ სადავო ცვლილებებზე საუბრისას, თანამომხსენებლებმა საქართველოს ხელისუფლებას ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გზით სრულიად ახალი კანონმდებლობის შემუშავების რეკომენდაცია მისცემს, რომელიც, მათივე თქმით, „უკიდურესად არასრულყოფილ საბჭოურ კოდექსს ჩაანაცვლებს“.
ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, PACE-ის თანამომხსენებლებმა მოუწოდეს პოლიტიკურ ძალებს, რომ უზრუნველყონ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც 19 აპრილის შეთანხმებით 2021 წლის არჩევნებს „გაზრდილი მნიშვნელობა“ ენიჭება.
თანამომხსენებლების თქმით, ისინი საქართველოს არჩევნების შემდეგ ესტუმრებიან, ხოლო 2022 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშს წარუდგენენ.
გამოხატეს რა სერიოზული შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო, თანამომხსენებლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ოკუპირებული რეგიონების ხელისუფლებებს და რუსეთს, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნან.
განცხადებას წინ 1-3 ივნისს საქართველოში PACE-ის თანამომხსენებლების ვიზიტი უძღვოდა, სადაც ისინი ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს შეხვდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- PACE-ის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს
- PACE-ის თანამომხსენებლები საქართველოს სტუმრობენ
- საქართველოს პრეზიდენტის კითხვა-პასუხის სესია PACE-ს სხდომაზე
- პრეზიდენტი ზურაბიშვილი PACE-ს ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვიდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)