ევროპარლამენტმა ჩეხეთის პრემიერი ოლიგარქიული ქცევისთვის დატუქსა

რაო?

ევროპარლამენტმა 505 ხმით 30-ის წინააღმდეგ (155-მა თავი შეიკავა) დატუქსა ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში ევროკავშირის ფონდების საკუთარი კომპანიის ჯიბეში გადაქაჩვისთვის.

უფრო ზუსტად?

ბაბიშის სასოფლო-სამეურნეო კომპანია “აგროფერტი” ევროკავშირის სუბსიდიებს დიდი რაოდენობით იღებდა თურმე, ზოგს პირდაპირ, ზოგს კი ჩეხეთის ბიუჯეტის გავლით.

რა უნდა პარლამენტს?

ფულის ამგვარი გადაქაჩვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, კომპანიამ უკანონოდ მიღებული სუბსიდიები აანაზღაუროს, პრემიერმა ბაბიშმა კი ინტერესთა კონფლიქტი გადაჭრასო.

რატომაა ეს დიდი ამბავი?

კანონიერების დაცვის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებს ეგებ უფრო სერიოზული პრობლემები აქვთ, ვიდრე ჩეხეთს. სწორედ ამ საბაბით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის ჯგუფის გავლენის ქვეშ მყოფი “ევროპული განახლების” ფრაქციის დეპუტატებმა თავი შეიკავეს ამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან. თუმცაღა სოფლის მეურნეობისათვის გამოყოფილი ფული ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი ფონდია. ამ ქისაში ხელს ბაბიში საკმაოდ უგვანოდ აფათურებდა: ფონდების რაოდენობაზე და მათ განაწილებაზეც ახდენდა გავლენას ევროკავშირში (როგორც ჩეხეთის პრემიერი) და ჩეხეთის ბიუჯეტში ჩარიცხული ამ ფულის გადანაწილებაზეც. ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულით ასეთი თამაში ევროპარლამენტარებისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა.

სხვა ქვეყნებს ვიღა მიხედავს?

კანონიერების დარღვევის მიმართ ევროპარლამენტი სულ უფრო ნაკლებად მომთმენი ხდება. ასევე დიდი უმრავლესობით – 505 ხმით 150-ის წინააღმდეგ – ევროპარლამენტმა ამასწინათ ევროკომისიას მოუწოდა, უფრო აქტიურად გამოიყენოს სანქციების მექანიზმი, რომელიც კანონის უზენაესობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევისათვის არსებობს. ევროპარლამენტარები თვლიან, რომ პოლონეთისა და უნგრეთის შემთხვევებში ევროკომისია პოლიტიკური გართულებების თავიდან ასაცილებლად მანამ ითრევდა ფეხს, სანამ აქაურმა პოლიტიკოსებმა ზედმეტად ღრმად არ შეტოპეს. ახლა პარლამენტი ითხოვს, კომისიამ მომავალი ოთხი თვის მანძილზე საქმით დაამტკიცოს, რომ ეს საკითხები ევროკავშირისთვის მართლაც მნიშვნელოვანია.

ბაბიში რას ამბობს?

ანდრეი ბაბიშმა 2019 წელს სწორედ “აგროფერტის” საკითხით აღშფოთებული მილიონი ჩეხის მრავალკვირიანი დემონსტრაციები გადააგორა და იმედი აქვს, რომ ევროპარლამენტის ზეწოლასაც გაუძლებს. ჯერჯერობით ევროპარლამენტს მოუწოდა, “ჩეხეთის შინაურ საქმეებში ნუ ერევითო”.