ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო 2030-ის ფორუმზე ჰიბრიდულ საფრთხეებსა და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს 2021 წლის სამიტის ბრიუსელის ფორუმზე ალიანსის წევრებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მდგრადობის გაზრდის მნიშვნელობასა და რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე ესაუბრა.
„ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ სისტემურ და ღირებულებით კონკურენციას, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება“, – თქვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „ჰიბრიდული ომის ვარიაციები აღნიშნული კონკურენციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახასიათო ნიშნად იქცა“.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ჰიბრიდული საფრთხეების „დესტრუქციული ეფექტი“ დიდი ხნით ადრე, იქამდე გამოიარა, ვიდრე ეს უკანასკნელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სამეცნიერო წრეების საუბრებში გამოიკვეთებოდა. „საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განიცდის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო ბლოკადებს, კიბერშეტევებს, საინფორმაციო ომებს და სხვა სახის არატრადიციულ თუ ტრადიციულ ომებს“, – განაცხადა მანვე.
პრემიერმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციას „დესტრუქციული პოლიტიკის პოლიგონად“ იყენებს და „ხსენებული მტრული მოქმედებები დღემდე გრძელდება“.
ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობითა და მოდერნიზაციით, საგარეო საფრთხეების მიმართ „გამორჩეული“ გამძლეობა გამოავლინა. თუმცა, მანვე დასძინა, რომ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ შემდგომი გაერთიანებული ძალისხმევა და „ჩვენი პარტნიორების“ მხარდაჭერაა საჭირო.
„ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მიესალმა, რომ „ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას“ და იმედი გამოთქვა, „ეს პოლიტიკა ეფექტიანად გაგრძელდება მომდევნო წლებში“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)