დიდი შვიდეულის სამიტი: მიმოხილვა
11-13 ივნისს გაერთიანებულმა სამეფომ „დიდი შვიდეულის“ სამიტს უმასპინძლა. მსოფლიოში უდიდესი და უმდიდრესი დემოკრატიული ქვეყნების თავშეყრა ინგლისის ერთ-ერთ გამორჩეულ მხარეში, კორნუოლის თვალწარმტაცი საგრაფოს კურორტ კარბის ბეიში შედგა.
ვინ დაესწრო?
პანდემიის მიუხედავად, სამიტს შვიდეულის ყველა ლიდერი დაესწრო. მთავარი სტუმარი აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იყო, რომელმაც ამ შეხვედრით ხანგრძლივი ევროპული ვიზიტი დაიწყო, რომელიც ბრიუსელში ნატოს სამითზე ვიზიტით გაგრძელდა და ჟენევაში ვლადიმირ პუტინთან არასასიამოვნო საუბრით დასრულდება. ეს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გახლდათ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისათვის. აქვე იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და კანადის, იტალიისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები ჯასტინ ტრუდო, მარიო დრაგი და იოშიჰიდე სუგა. ტრადიციისამებრ, აქვე იყვნენ ევროკავშირის ლიდერები – ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ბრიტანელებმა მოიწვიეს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე-ინი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოზა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, თუმცა ეს უკანასკნელი – ეპიდემიოლოგიური ვითარებისდა გამო – მხოლოდ ვირტუალურად შეუერთდა სამიტს.
მრავალმხრივი გამოწვევები
სამიტმა ამ ფორმატის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს ჩაიარა. გლობალურ ეკონომიკას მიმდინარე პანდემია უთხრის ძირს, რომლის დასრულებაც ხან თითქოს ერთი ხელის გაწყვდაზეა, ხან კი – ჰორიზონტს მიღმა. სწრაფად იზრდება ჩინეთის ეკონომიკა, რის წყალობითაც, მაღალი ალბათობით, ერთ დეკადაში ავტორიტარული ქვეყნების საერთო დოვლათი დემოკრატიულებისას გადაასწრებს. სულ უფრო მწვავდება კლიმატის ცვლილების საკითხიც, რომლის გადავადების დრო და სივრცე აღარაა და რასაც ისევ დემოკრატიული სამყარო თუ მიხედავს. მტრული რეჟიმები და მოძრაობები სულ უფრო ხშირად თრგუნავენ დემოკრატიული ინსტიტუტებს და ავიწროვებენ ღია საზოგადოებებს.
შესაბამისად, წლევანდელი სამიტი მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიების მხრიდან გადამწყვეტი მოქმედებისადმი მზადყოფნის დეკლარირებასა და ერთობის განმტკიცებას ეძღვნებოდა. მთავარი ლეიტმოტივი კი ის იყო, რომ ტრამპის მიერ დასავლური სოლიდარობის საფუძვლიანი შეჯანჯღარების შემდეგ, “ამერიკა დაბრუნდა”, როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერი და ტრანს-ატლანტიკური სოლიდარობის გარანტი.
რა მოილაპარაკეს?
ლიდერებმა დროის დიდი ნაწილი პანდემიის შემდგომ მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას, გლობალური ჯანრთელობის დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას დაუთმეს, რაც ღონისძიების დასრულებისთანავე ბორის ჯონსონმა ჩვეული მჭევრმეტყველებით მოკლედ მიმოიხილა, ხოლო სრულად კი ტრადიციისამებრ მიღებულ „სამიტის კომუნიკეში“ აისახა.
აღვადგინოთ უკეთესად – „Build Back Better“
სამიტის გახსნისას, მისასალმებელი სიტყვა ბორის ჯონსონმა პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენას დაუთმო და ბრიტანეთში ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი დევიზი „აღვადგინოთ უკეთესად“ (Build Back Better) გააჟღერა. მისი არსი ისაა, რომ პოსტ-პანდემიური ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და უთანასწორობის შემცირებას უნდა მოხმარდეს, ხოლო ეკონომიკაში „სუფთა და მწვანე“ სექტორები წახალისდეს. ერთ-ერთი კონკრეტულ პრიორიტეტად განათლების წახალისება დასახელდა, განსაკუთრებით კი ქალთა განათლება. ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით განათლების სისტემაში დამატებით 40 მილიონი გოგონას ჩართვას გეგმავენ და ამისათვის 2¾ მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.
„ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს!“
სამიტის გამორჩეული შედეგად „გლობალური ჯანმრთელობის (კარბის ბეის) დეკლრაციის“ მიღება იქცა.
- ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა მომავალში კორონავირუსის ახალი შტამის ან სხვა ახალი ვირუსის გამოვლენისას შესაბამისი ვაქცინის შექმნისა და ლიცენზირებისთვის, სამკურნალო საშუალებების მოპოვებისა და დიაგნოსტიკისთვის საჭირო დრო 100 დღემდე შეკვეცონ. სწორედ ეს ვადაა, მეცნიერების თქმით, გადამწყვეტი იმისათვის, რომ ეპიდემიური საფრთხე პანდემიად არ იქცეს.
- ზოონოზური დაავადებების კონტროლისა და ცხოველიდან ადამიანზე ინფექციის გადადების პრევენციის მხრივ დიდი შვიდეულის ქვეყნები მჭიდროდ ითანამშრომლებენ. კერძოდ მისი უდიდებულესობის მთავრობა სარის საგრაფოში „ცხოველთა ვაქცინის წარმოებისა და ინოვაციის ცენტრს“ დააფუძნებს.
- ლიდერები მომდევნო წლის განმავლობაში უფრო ღარიბი ქვეყნებისთვის ერთი მილიარდი დოზა ვაქცინის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, რაც ხელმისაწვდომი გახდება როგორც ორმხრივად, ისე ვაქცინის ხელმისაწვდომობის გლობალური ინიციატივის, „COVAX“-ის გავლით. ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა ჯერ კიდევ სამიტის დაწყებამდე განაცხადეს, რომ ღარიბ ქვეყნებს შესაბამისად 500 და 100 მილიონ დოზას აჩუქებდნენ.
„დავიცვათ ჩვენი პლანეტა“
გარემოს დაცვა მისი უდიდებულესობის მთავრობის წამყვანი პრიორიტეტია. წელს ბრიტანეთი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას „COP26“ უმასპინძლებს. 2035 წლისათვის ბრიტანეთი ნახშირბადის მონოქსიდით დაბინძურების 78%-ით შემცირებას აპირებს 1990 წლის დონესთან შედარებით, ხოლო 2050 წლისათვის ნულოვანი დაბინძურების ქვეყანა უნდა გახდეს. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მხრივ ლიდერები ე. წ. „მწვანე რევოლუციას“ დაუჭერენ მხარს, რამაც უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, შეამციროს დაბინძურება და გლობალურად ჰაერის ტემპერატურის ზრდა 1,5 გრადუსის ნიშნულზე შეაჩეროს. შვიდივე სახელმწიფო 2030 წლამდე გაანახევრებს, ხოლო არაუგვიანეს 2050 წლისა ნულამდე დაიყვანს ნახშირბადის მონოქსიდით გარემოს დაბინძურებას. სრულად შეწყდება ქვანახშირის მოპოვების სუბსიდირება. 2030 წლისათვის პლანეტის ხმელეთისა და ოკეანეს სულ მცირე 30% უნდა იყოს კონსერვაციის ზომებით დაცული.
„ცისქვეშეთის“ შესაკავებლად
დიდი შვიდეულის დღის წესრიგში წმინდად უსაფრთხოების საკითხები ნაკლებად იყო – რაც შედარებით უჩვეულოა. თუკი საქმე უსაფრთხოებას მაინც შეეხო, აქ მთავარი ჩინეთთან ურთიერთობა გახლდათ. ჯო ბაიდენის წინა-სასამიტე გამოსვლებში ჩინეთთან ღირებულებითი განსხვავების თემა ჭარბობდა, თუმცა ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობის შედეგად უპირველესად საუბარის საგნად “მრავალმხრივი დიპლომატიის” საკითხები და ჩინეთთან შეჯიბრის (და არა იმდენად კონფრონტაციის) თემები იქცა.
ბაიდენმა კოლეგებს გაუზიარა სურვილი, ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ (BRI) საპირწონედ მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების დასახმარებლად დასავლეთმა თავისი გეგმა „Build Back Better World“ (B3W) ჩამოაყალიბოს. ჩინური ინფრასტრუქტურული პროექტები აზიისა და აფრიკის რეგიონში დიდი წარმატებით სარგებლობს და ხშირად ევროპაშიც ბევრი ცდუნდება. შვიდეული აპირებს, ამ შეჯიბრში ჩაერთოს. კომუნიკეში ასი მილიარდი დოლარია ნახსენები ამ ინიციატივის წასახალისებლად, თუმცა ჯერ ცხადი არაა, თუ როგორ შეგროვდება ეს ფული.
ისევ „ბრექსიტი“
საქმაოდ მეგობრული სამიტის სუფრაზე განხეთქილების ვაშლად მაინც ყველასთვის უკვე კარგად მობეზრებული „ბრექსიტი“ იქცა, უფრო სწორედ კი ჩრდილოეთ ირლანდიის საბაჟო სტატუსი, რომელიც გასული წლის დეკემბერში ლონდონსა და ბრიუსელს შორის დადებული სავაჭრო შეთანხმების თანახმად, ერთდროულად ევროკავშირის საბაჟო კავშირშიც რჩება და ბრიტანეთის საბაჟო ტერიტორიაცაა. ამ შეღავათიანი რეჟიმის ვადა ამ თვის ბოლოს იწურება და 1 ივლისიდან დიდი ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიის მიმართულებით მიმავალი პროდუქციის გარკვეული კატეგორიები საბაჟო შემოწმებებს დაექვემდებარება.
ლონდონი შეღავათიანი რეჟიმის ცალმხრივ გახანგძლივებას გეგმავს, რასაც ბრიუსელი დეკემბრის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს. ალტერნატივის სახით ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გადახედვას სთავაზობს, რაც უკანასკნელისთვის მიუღებელია. საბაჟო შემოწმებებს პირველ რიგში ბრიტანული ხორცპროდუქტები, ძირითადად სოსისები, დაექვემდებარება, რის გამოც მიმდინარე დავას ენაკვიმატმა ბრიტანელებმა „სოსისების ომი“ შეარქვეს.
„სოსისის ომის“ დასრულება სამიტმა ვერ შეძლო, თუმცა ევროპელ ლიდერებთან გამართულ ჯონსონის ყველა ორმხრივ შეხვედრაზე კი დომინირებდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ჯერ კიდევ სამიტის დაწყებამდე ცივად გააფრთხილა ბრიტანელები, რომ „ხელახლა მოსალაპარაკებელი არაფერია“, ექვსი თვის თავზე იმის გადახედვა, რის მოლაპარაკებასაც წლები დასჭირდა, არასერიოზულიაო. ევროკავშირის დანარჩენმა ლიდერებმა მას მხარი მალევე აუბეს. თუმცა ჯო ბაიდენმა ჯონსონის დატუქვისაგან თავი შეიკავა.