სოხუმმა „ქონებრივი დეკლარაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები შეიტანა
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 14 ივნისს „ქონებრივი დეკლარაციების შესახებ კანონში“ ცვლილებებს მოაწერა ხელი, რომელთა მიხედვითაც კანონის სახელწოდებაში ტერმინ „საჯარო მოხელის“ ნაცვლად, „თანამდებობის პირი“ ჩაიწერა და ქონებრივი დეკლარაციების შევსების ვალდებულების მქონე ჩინოსანთა სია დაკონკრეტდა.
ქონებრივი დეკლარაციების შესახებ თავდაპირველი „კანონი“ 2020 წლის თებერვალში მიიღეს, თუმცა ის მოიცავდა დებულებას, რომლის თანახმადაც, „კანონი“ მხოლოდ მას შემდეგ შევიდოდა ძალაში, რაც „საჯარო მოხელეების შესახებ კოდექსი“ დამტკიცდებოდა.
სახელწოდებიდან „საჯარო მოხელეების“ ამოღებით, „ქონებრივი დეკლარაციების შესახებ კანონი“ აღარ იქნება დამოკიდებული „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ მიღებაზე, განმარტა „დეპუტატმა“ გივი კვარჭიამ.
გადაწყვეტილებას წინ აფხაზი „დეპუტატების“ მიმართ ანტიკორუფციული საინიციატივო ჯგუფის მოწოდება უძღვოდა, რომ ქონებრივი დეკლარაციების შესახებ კანონმდებლობის ძალაში შესვლის ზუსტი თარიღი განესაზღვრათ.
ცვლილებები ძალაში 2021 წლის 1 ივლისიდან შევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)