დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა: გენერალი ახმეტელაშვილი – პირველი მსხვერპლი ბოლშევიკების უხეში ძალმომრეობისა
ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 26 ივლისი, N4
+ სტეფანე ახმეტელაშვილი
პირველი მსხვერპლი ბოლშევიკების უხეში ძალმომრეობისა! პირველი ზვარაკი საქართველოს დამოუკიდებლობის! ამხ. სტეფანე ახმეტელაშვილი! სოც-დემ. რწმენით, გულით და სულით თავდადებული მოღვაწე, ერთგული, წყნარი, მაგრამ დაუღალავი მუშაკი, რომელიც თვითმპყრობელობის დროიდანვე მტკიცეთ ადგა ერთხელ არჩეულ გზას. საქართველოს დამოუკიდებლობამდე იგი მსახურობდა რუსეთის შიდა გუბერნიებსა და ტაშკენტში, და მხოლოდ დიდი რევოლიუციის შემდეგ იქნა გადმოყვანილი თავის მხარეში.
დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან იგი ერთი მთავარი მონაწილე იყო ყველა იმ ომების, რომელიც რესპუბლიკას იყო ყველა იმ ომების, რომელიც რესპუბლიკას თავს დაატყდა და არც ერთხელ უკან არ დაუხევია. გვარდია, რომელშიაც ის მსახურობდა თავდაპირველათ, მის ხელში გამაგრდა თავის პირველ ნაბიჯებში.
შემდეგ იგი გადაყვანილ იქნა სანაპირო ჯარების ხელმძღვანელათ და ამ თანამდებობებში იყო, როცა კახეთს კომუნისტების ლაშქარი შემოადგა. თავის მცირე ჯარით იგი დიდხანს უმკლავდებოდა ბევრათ უფრო მრავალრიცხოვან მტერს და მხოლოდ თფილისის დაცემის შემდეგ ჩაუვარდა ხელში გარშემორტყმულ წითელ ჯარებს.
როგორც სოციალისტი და დემოკრატი, როგორც ერთგული დარაჯი საქართველოსი, იგი შეიქმნა კომუნისტთა სისასტიკის და ველურობის პირველი მსხვერპლი.
იგი და მისი თანამშრომელნი რუსეთს გააგზავნეს, სადაც, როგორც გვატყობინებენ, ტიფით და უჭმელობით გარდაიცვალა ეს საყვარელი და ერთგული შვილი ქართველი დემოკრატიის.
განისვენე ამხანაგო ტკბილათ, საქართველო შენს სახელს არ დაივიწყებს და დემოკრატია თავის სოციალისტურ გენერალს!
თქვენი უდროვოთ მოწყვეტილი სიცოცხლე იღაღადებს მუდამ კომუნისტების სიველურეზე და ბარბაროსობაზე. ჩვენ კი შენს ხატებას მუდამ გულში ვატარებთ. მშვიდობით!