ჟურნ. თავისუფალი საქართველო, ივლისი, 1921: კომუნისტებმა აფხაზეთი საქართველოს ჩამოაშორეს

ჟურნ. თავისუფალი  საქართველო, 1921 წლის 26 ივლისი, N4

დამოუკიდებელი“ აფხაზეთი

„წითელმა რეჟიმმა“ სავსებით აღადგინა საქართველოში ცარიზმის მეთოდები და საშუალებები ერთა გათიშვის და დაქუცმაცების. მან პირველ-ყოვლისა დაწიწკნა ქართველი ერის ორგანიზმი იმით, რომ ჩამოსჭრა მას მისი ორგანიული ნაწილები ბორჩალოში, სადაც გლეხები, თვით რუსის სოფლებშიაც კი საქართველოსთან ყოფნას თხოულობდენ, ჩამოაჭრა ფაქტიურათ აჭარა, არია გორის მაზრა ცხინვალის რაიონის ოს „ნასტრაჟნიკალების“ და „ნაპრისტავალების“ გულისთვის – დაბოლოს ჩამოაცილა აფხაზეთი, სადაც ორი წილი მცხოვრებლებისა თუ მეტი არა ქართველი ტომისანი არიან და სადაც გრძნობა საქართველოსთან განუყრელად ყოფნისა ძლიერი იყო იმ ეკონომიურ-პოლიტიკური კავშირის გამო, რომელიც არის მთავარი შემაკავშირებელი ძარღვი სახელმწიფოს სხეულის.

ჩვენ ამ წერილში გვინდა მოვუთხროთ მკითხველებს ამ უკანასკნელზე, ე. ი. აფხაზეთის ჩამოშორებაზე.

წითელი არმიის შემოსვლის პირველ დღეებშივე ბათუმში შეგროვილმა სამმა აფხაზმა ბოლშევიკმა ვიღაც ეშბას მეთაურობით და ორმა ქართველმა კომუნისტმა აფხაზეთის ხალხის სახელით ერთი კომუნისტური დამოუკიდებელი რესპუბლიკა შემატეს კაცობრიობას. აფხაზეთის 200 000 მცხოვრების სახელით აღიარეს მათი დამოუკიდებლობა. შემდეგში ეს დაამტკიცა, ასე ვთქვათ აფხაზეთის გლეხთა და მუშათა საბჭომ, რომელიც ღმერთმა იცის, რა ბოლშევიკური წესებით და სისტემით მოაგროვეს ამ უზურპატორებმა, ხოლო თფილისის მოღალატეთა რევკომმა ეს მაკიაველური აქტი საქართველოს სხეულის დაქუცმაცებისა დიდის ზეიმით დაამტკიცა.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეჭვი არაა მხოლოდ დიპლომატიური გამოგონებაა დამოუკიდებელ საქართველოს დასასუსტებლათ  და არა თვით აფხაზეთის მცხოვრებთა სურვილი. მართლაც და სად გაგონილა 200 000 მცხოვრების დამოუკიდებელი არსებობა! თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ ამ 200 000-დანაც აფხაზები, რომელთა სახელით მოხდა ეს გამოყოფა, 40-60 ათასს არ აღემატებიან, ესე იგი დაახლოებით მცხოვრებთა მესამედ წარმოადგენენ, ჩვენთვის ცხადი იქნება მოსკოვის აგენტების ბნელი ზრახვანი და ბნელი საქმენი!

აფხაზეთის ხალხი ამ ოპერაციაში თითქმის რომ არაფერ შუაშია, აფხაზეთის ხალხმა თავის ნებისყოფა საყოველთაო ხმის მიცემით არჩეულ სახალხო საბჭოს საშვალებით გამოსთქვა 1919 წლის 20 მარტს, როცა 33 ხმით 7 წინააღმდეგ დაადგინა, რომ აფხაზეთი, როგორც ავტონომიური ნაწილი შედის საქართველოს რესპუბლიკაში. ეს 7 დეპუტატმა,  რომელთაც წინააღმდეგ მისცეს ხმა, საქართველოსთან შეერთებას ემხრობოდენ, მაგრამ ავტონომიის უფლებათა გაფართოებას მოითხოვდენ. ამ რიგათ აფხაზეთი დემოკრატიულ საქართველოს ფარგლებში ავტონომიურათ განაგებდა თავის საქმეებს „წითელი“ არმიის შემოსევამდე და ფაქტიურათ მაშინ მეტი დამოუკიდებლობით სარგებლობდა, ვინმე დღევანდელი „დამოუკიდებელი საბჭოთა აფხაზეთია“.

აფხაზეთი იმდენათ შესისხლხორცებული იყო საქართველოსთან, რომ კიროვის, შეიმანის და სხვა ბოლშევიკურ აგენტების მილიონები ხალხის მოსასყიდათ და ამ განაპირა კუთხეში აჯანყების მოსაწყობათ უქმეთ იკარგებოდა. სწორეთ ომის დაწყების წინ ამაში იძულებული იყვნენ გამომტყდარიყვნენ თვის კომუნისტები, რომელნიც სწერდენ თავის მთავრობას, რომ აფხაზეთის გლეხობა შეუგნებელია და აჯანყებას ვერ მოაწყობს, ამიტომ “წითელი“ არმია უნდა იქნეს შემოყვანილი მათ „გასათავისუფლებლათო“.

თვით ამ ჯარის შემოჭრის დროს აფხაზები, ისინიც კი, ვისაც მობილიზაცია არ უწევდა ქართველ ჯართან ერთად იბრძოდენ მოხალისეებათ და მხოლოდ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გულდაწყვეტილნი დაუბრუნდენ თავიანთ კერას და დაემროჩილენ ფიზიკურ მოძალადეებს.

კომუნისტებს, მართალია, გაუჩნდათ მცირედი მომხრეები აფხაზეთშიაც, მაგრამ ვინ არიან ეს მომხრეები?

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ესენია იმ 7 გათიშულ დეპუტატის თანამოაზრენი, რომელნიც 1919 წელს ავტონომიის გაფართოებას მოითხოვდენ. მაშინ მათი მთავარი მამოძრავებელი მოტივი იყო ის, რომ თავიდან აეცდინათ საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიული და რევოლიუციური კანონების მოქმედება აფხაზეთის ტერიტორიაზე და აქ მაინც ძველი წყობილება შეენარჩუნებიათ. ესენი იყვნენ მტერი დემოკრატიის და მომხრე შავი რუსეთის. როცა აფხაზეთის სანაპიროზე დენიკინის ლაშქარი იდგა, ეს ვაჟბატონები ავტონომიის სახელით მოითხოვდენ აფხაზეთიდან ქართული ჯარის გაყვანას. მაშინ ისინი დენიკინს ეტმასნებოდენ. როცა ბოლშევიკების სახით მათ დაინახეს „წითელი“ რეაქციის  მოსვლა, ამ უკანასკნელს მიემხრენ და აფხაზეთი საბჭოთა საქართველოსაც კი ჩამოაშორეს, რომ უფრო ახლო დაკავშირებოდენ რუსეთის ბნელ რეაქციას.

ეს ფრაქცია შედგება რუსეთის ყოფილი მოხელეებისაგან და იმ ნახევარ-ინტელიგენტებისაგან, რომელნიც ძველი რეჟიმის დროს ჭეშმარიტ რუსთა კავშირში შედიოდენ: ბ. ადლეროვის, გოლუბევის და სხვათა მეთაურობით.

აი ასეთი ხალხი, დემოკრატიისაგან გარიყული, ყველა ეს ცაგურიები, მარღანიები და სხვა. ამოუდგეს დღეს გვერდში „წითელ“ ჯარს და ფეხქვეშ ეგებიან მას. ფაქტიურათ მათ ძალაუფლება არც მოეპოვებათ და არც იმდენათ თავსატეხ საგნათ აქვთ გადაქცეული. აფხაზეთს განაგებს მოსკოვიდან დანიშნული კომისარი, ვინმე ტერეკიანი, რომელსაც მუშათა და გლეხთა ინსპექტორი ეწოდება და ურომლისოდაც აფხაზეთის კომუნისტები თითსაც ვერ გაანძრევენ.

ცხადია ამ რეაქციის პირწმინდა მოციქულებსაც იგივე ასულდგმულებს, რაც მოსკოვს: ხელი შეუშალონ საქართველოს არსებობას, რადგან საქართველო „დე-იურე“ ცნობილია და ბოლშევიკების ოკუპაციით იგი ვერ გაუქმდება; მათ იციან, რომ იგი აღსდგება თავის დემოკრატიულ წყობილებით. და აი ეს ვერ მოუნელებიათ…

მაგრამ ბოლშევიზმიც ისე განწირულია დღეს, როგორც ამ შავრაზმელთა ოცნებანი ცარიზმის დაბრუნებაზე. და აფხაზეთი განახლებული, მკვდრეთით აღმდგარ საქართველოს, ჩვენ ღრმად გვწამს, კვლავ გვერდში ამოუდგება.

.