რუმინეთში წინა სასამართლო რეფორმის შედეგების გაუქმებაზე მსჯელობენ
(ბუქარესტი, 21 ივნისი) რუმინეთის პარლამენტის ზედა პალატა, სენატი, ივლისში შეიკრიბება, რათა სასამართლო ხელისუფლებაში დარღვევების გამოძიების სპეციალური სექციის გაუქმების საკითხი განიხილოს. ეს სექცია წინა მთავრობის მიერ წარმოებული რეფორმების ფარგლებში შეიქმნა, თუმცა როგორც ადგილობრივი ოპოზიცია, ისე ევროკავშირი თვლიდნენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის გაცხადებული მიზნის საწინააღმდეგოდ მუშაობდა – კერძოდ, მმართველი სოციალ-დემოკრატიულ პარტიის გავლენის ქვეშ აქცევდა სისტემას და ცდილობდა, ამ პარტიის ლიდერი ლივიუ დრაგნეა დაეცვა ანტიკორუფციული გამოძიებისაგან. ამისდა მიუხედავად, დრაგნეა მაინც ცნეს დამნაშავედ რამდენიმე საქმეში, 2015-16 და 2017-18 წლებში, ხოლო 2019 წლიდან ის სამწლიან პატიმრობაშია. მემარჯვენე პარტიების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2020 წელს სპეციალური სექციის გაუქმების საკითი პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო, თუმცა აქამდე ვერ შეთანხმდნენ თუ კერძოდ რა სახით მოხდებოდა სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიება სექციის გაუქმების შემდეგ. ივლისის დასაწყისში რუმინეთ ვენეციის კომისიისგან ელის დასკვნას ახალ კანონპროექტზე და სენატის სხდომაც მისი შინაარსის გათვალისწინების შემდეგ გაიმართება.