ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა საარჩევნო ცვლილებების პროექტზე მეორე ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს
ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განახლებულ პროექტზე მეორე ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს, რომელიც აღნიშნავს, რომ პირველ დასკვნაში ასახული ძირითადი რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება.
მიესალმნენ რა იმ ფაქტს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და უპარტიო წევრებს საპარლამენტო უმრავლესობა ორი მესამედით აირჩევს, ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ კენჭისყრებს შორის შუალედის ოთხიდან ერთ კვირამდე „მნიშვნელოვანი შემცირების“ გამო და ხაზს უსვამენ, რომ ეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევას გაართულებს.
ერთობლივი დასკვნა კიდევ ერთხელ იმეორებს წინა რეკომენდაციას, რომელიც ცესკოს უპარტიო წევრებისთვის უფრო მაღალი კვალიფიკაციის მოთხოვნასა და შერჩევის პროცესის გაძლიერებას ითვალისწინებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ სამიდან ხუთ წლამდე სამუშაო გამოცდილების შესახებ მოთხოვნის გაზრდა საკმარისი არ არის.
რაც შეეხება შესარჩევ კომისიას, რომელიც თითოეულ პოსტზე ორიდან სამ კანდიდატამდე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციით, ცვლილებებით უნდა განისაზღვროს შესარჩევი კომისიის წევრთა მინიმალურ რაოდენობა და გამოიკვეთოს კომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
ერთობლივი დასკვნის თანახმად, გაურკვეველია, რატომ ენიჭებათ უპირატესობა იმ პარტიებს, რომლებიც მეტ სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, მაშინ, როდესაც ცხრაზე მეტი პარტიაა, რომელთაც ცესკოს წევრთა დანიშვნის უფლება აქვთ. „განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ სახელმწიფო დაფინანსება არ არის დამოკიდებული მხოლოდ მიღებული ხმების ან ადგილების რაოდენობაზე, არამედ მათ მონაწილეობაზე საპარლამენტო სხდომებში“, – აღნიშნეს ვენეციის კომისიამ და ოდირმა.
ერთობლივი დასკვნა კიდევ ერთხელ იმეორებს რეკომენდაციას, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, თუ რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს პარტიის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრების მოხსნას, რათა „დაცული იქნას კომისიის წევრთა თანამდებობაზე ყოფნის ვადა“.
ვენეციის კომისიამ და ეუთო-ოდირმა განაცხადეს, რომ კვლავ შეუსრულებელი რჩება მათი წინა რეკომენდაცია, რომელიც საოლქო და საუბნო კომისიების წევრთა დანიშვნის გამჭვირვალე და დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესის უზრუნველყოფას გულისხმობდა.
რაც შეეხება საარჩევნო დავების მოგვარებას, ერთობლივ დასკვნაში ნათქვამია, რომ საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის უფლება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმ პირებით, რომელთაც საჩივრების წარდგენის უფლებამოსილება გააჩნიათ და „რიგით მოქალაქეებს საჩივრების წარდგენის უფლება“ არ უნდა წაერთვათ.
აღნიშნეს რა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების ხშირი შეტანა საარჩევნო პროცესის ერთიანობასა და დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ მიმართულ ძალისხმევას საფრთხეს უქმნის, ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას „საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმისკენ“, რაც მომავალში ხშირ ცვლილებებს აღკვეთს და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)