რა თქვეს მაკრონმა და მერკელმა რუსეთსა და თურქეთზე?
რა მოხდა?
გასულ პარასკევს, 18 ივნისს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უმასპინძლა ბერლინში, ევროკავშირის სამიტისთვის მოსამზადებლად, რომელიც 24-25 ივნისს გაიმართება. საუბრის ერთ-ერთ მთავარი თემა რუსეთი და თურქეთი იყო. ორმა ლიდერმა ამაზე შეხვედრამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზეც ისაუბრეს.
ჰოდა, რა თქვეს?
თურქეთის შესახებ:
- მერკელი: “ერთი მხრივ [თურქეთისაგან] განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, მეორე მხრივ კი დამოკიდებული ვართ ერთმანეთზე თუკი გვინდა, რომ გარკვეული საკითხების მიმართულება ერთად ჩამოვაყალიბოთ: ეს ეხება მიგრაციის საკითხს, ეს ეხება ლიბიის მომავალს, და ეს ეხება სირიის მომავალს.”
- მაკრონი: “რასაკვირველია, ეს პირველ რიგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს შეეხება, მაგალითად საბერძნეთისა და კვიპროსის, ისევე როგორც ჩვენს სტრატეგიულ პოზიციონირებას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სირიაში, ლიბიასა და კავკასიის რეგიონში.”
რუსეთის შესახებ:
- მერკელი: “რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ, ამავე დროს ევროკავშირის დიდი მეზობელია კონტინენტზე. ნათლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ყველანი [რუსეთის] ჰიბრიდული შეტევების სამიზნე ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, თუკი ევროკავშირის უსაფრთხოება და სტაბილურობა გვსურს, რუსეთთან საუბრის გაგრძელება ჩვენი ინტერესებისთვის დიდად მნიშვნელოვანია – რაც არ უნდა რთული იყოს ეს.”
- მაკრონი: “რაღა თქმა უნდა ჩვენი საუბრისას [მერკელთან] შევეხებით რუსეთის საკითხს და განვიხილავთ ჩვენს მეზობლებთან ერთად საერთო მიდგომებს, რათა პროვოკაციებს სოლიდარულად ვუპასუხოთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნათლად ვაჩვენოთ რას შეიძლება ნიშნავდეს მომთხოვნი თანამშრომლობა. ცხადია, რომ [რუსეთის მხრიდან] პროვოკაციები რეგულარულია და ახალი კონფლიქტებიც არსებობს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ორივენი ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობისთვის საერთო წესების ჩამოყალიბება.“
როგორ გავიგოთ?
ევროპული ამბების ცნობილი მკვლევარი, ულრიხ შპეკი წერს, რომ მაკრონისათვის, ჩანს, რუსეთთან თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი, თურქეთთან კი უფრო კონფრონტაციისკენ იხრება – სხვაგვარად ამ საუბარში კვიპროსისა და საბერძნეთის ინტერესებს უპირველეს ადგილზე არ დააყენებდა. ჩვენთვის საინტერესოა ისიც, რომ მაკრონმა ლიბიისა და სირიის კონტექსტში ახსენა კავკასიაც – ცნობილია, რომ აზერბაიჯან-სომხეთის ბოლო ომის დროს პარიზი მკაცრად აკრიტიკებდა თურქეთის როლს.
მერკელის გადმოსახედიდან თურქეთთან გერმანიის ურთიერთდამოკიდებულება კონფლიქტურია, მაგრამ მას ცივსისხლიანი მართვა სჭირდება, იმისდა მიუხედავად, რომ მერკელისათვის თურქეთი ძალიან არაკომფორტული პარტნიორიაო, ამბობს შპეკი. რაც შეეხება რუსეთს, მერკელი აშშ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციასთან უფრო ახლოს დგას: მოსკოვთან პრინციპები ნათლად უნდა გამოითქვას, ოღონდაც საუბრისათვის გახსნილობა უნდა შენარჩუნდეს.
…და კიდევ ერთი:
რუსეთისადმი გერმანიის ტონის გამკაცრება გამოჩნდა თავდაცვის მინისტრის, ანნეგრეტ კრამპ-კარენბაუერის გამოსვლაში გასულ პარასკევს, 18 ივნისს. მან განაცხადა, რომ გერმანიამ “მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს” და ამისათვის “მეტი უნდა გააკეთოს ევროპის დასაცავად, რაც ჩვენი უსაფრთხოებისა და ინტერესების შესაბამისია.” მანვე განაცხადა, რომ მთლიანად ევროპაც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს “აღმოსავლეთ სამეზობლოს, სადაც რუსეთი – ზოგჯერ ღიად და ზოგჯერ ფარულად – ომს აწარმოებს… და მის მეზობლებს, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ემუქრება.” გერმანიის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირისაგან უკრაინის კონტესტში “ომის” გამოყენება ფრიად უჩვეულო რამააო, ამბობს შპეკი, საგარეო სამინისტრო,როგორც წესი სიტყვა “კონფლიქტს” იყენებს და ცდილობს რუსეთი საერთოდ არ ახსენოს. სამაგიეროდ ამბობს “კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში” ანდა “კონფლიქტი დონბასში.”