1 ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 22 ივნისის გადაწყვეტილებით პირველი ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება. ამასთან, დღეიდან გარე სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
საბჭოს გადაწყვეტილებით პირბადეების ტარება კვლავაც სავალდებულო იქნება შიდა სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ავტობუსების გაჩერებაზე. ამასთან, რესტორნები, ბარები, კაფეები, კვების ობიექტები და სხვა გასართობი დაწესებულებები მუშაობას 00:00 სთ-მდე შეძლებენ.
ე.წ. კომენდანტის საათი 1 ივნისიდან 23:00-04:00 სთ-ებში მოქმედებს. თავდაპირველად, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა გასული წლის 9 ნოემბერს ამოქმედდა და დიდ ქალაქებში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00-05:00 სთ-ებში ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. მოგვიანებით, 28 ნოემბრიდან, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 სთ-დან ამოქმედდა. 17 მაისიდან კომენდატის საათის დაწყებამ 2 სთ-ით 23:00 სთ-მდე გადაიწია, 1 ივნისიდან კი – კომენდანტის საათის დასრულების დრო 04:00 სთ-მდე შემცირდა. გარე სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო 4 ნოემბრიდან გახდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა „ძალიან ნელი ტემპით“, ამიტომ მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, მოსახლეობას არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. „გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება გარე სივრცეებში, მაგრამ ის [მაინც] რეკომენდებულია“, – დასძინა მანვე.
დღეის მონაცემებით, ჯამში სულ 238 220 პირი აიცრა. მათგან ვაქცინის ორივე დოზა 84 756 პირმა მიიღო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ივლისიდან ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონი დოზა შემოვა.
22 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 635 გამოჯანმრთელდა, 24 გარდაიცვალა.
კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)